LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩუტყვავილა

104
ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა ბავშვებში გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ქავილი და წითელი გამონაყარი. ეს გამონაყარი დროთა განმავლობაში სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ჩუტყვავილას მთავარი დამახასიათებელი სიმპტომია გამონაყარი. ჩვეულებრივ იწყება სახეზე, მკერდზე ან ზურგზე. ჩნდება წითელი ლაქების ან მუწუკების სახით, რომლებიც შემდეგ სითხით სავსე ბუშტუკებად გადაიქცევა. დროთა განმავლობაში, ეს ბუშტუკები იშლება და წარმოქმნიან ნაწიბურებს. სიმპტომებია: დაღლილობის შეგრძნება, ჭამის სურვილის დაქვეითება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი. დაავადება ვრცელდება ორი ძირითადი გზით: ინფიცირებული ადამიანის ბუშტუკების სითხესთან უშუალო კონტაქტით და ჰაერით, რესპირატორული წვეთებით, რომლებიც გამოიყოფა ინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინებისას. ჩუტყვავილა უკიდურესად გადამდებია განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე, გამონაყარის გაჩენამდე და სანამ ყველა ბუშტუკის ქერქი არ დაიშლება.

გამონაყარი მხოლოდ კანზე არ გვხვდება. ის წარმოიქმნება ლორწოვან გარსებზე, რაც განსაკუთრებით მტკივნეულია. შესაძლებელია იყოს პირის ღრუში, თვალის გარსზე. ამ დროს იგი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ქავილითა და მაღალი ცხელებით და ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველია. ზოგჯერ გამონაყარი შეიძლება ცოტა იყოს, ან მთელ სხეულზე არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მცირე რაოდენობის გამონაყარისა და ცხელების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რათა სწრაფად მოხდეს დიაგნოსტირება. რისკ ჯგუფში შედის ყველა, ვისაც არ ჰქონია ჩუტყვავილა ან არ არის ვაქცინირებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლამდე და სკოლის ასაკის ბავშვები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ჩუტყვავილა ხშირად მსუბუქია, მან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა კანის ინფექციები, პნევმონია, ენცეფალიტი, დეჰიდრატაცია, ღვიძლის პრობლემები და სისხლის შედედების პრობლემები. მოზრდილები და გარკვეული რისკის ჯგუფები უფრო მიდრეკილნი არიან სერიოზული გართულებებისკენ.

ვაქცინაცია საუკეთესო პრევენციაა. ჩუტყვავილას ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ბავშვები ჩვეულებრივ იღებენ ორ დოზას, ერთს 12-15 თვემდე და მეორეს 4-6 წლამდე. ჩუტყვავილას ვაქცინა არ არის საქართველოს ეროვნულ კალენდარში შეტანილი და არ არის უფასო მოსახლეობისთვის, თუმცა შესაძლებელია კომერციული გზით ვაქცინის შეძენა და გამოყენება. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, თუ ბავშვს აქვს შემდეგი ნიშნები: სუნთქვის გაძნელება ან მუდმივი ხველა, მძიმე გამონაყარი ან გამონაყარი სისხლდენით, მაღალი სიცხე, რომელიც არ უმჯობესდება სიცხის დამწევი მედიკამენტებით, რთულად გაღვიძება, ძლიერი თავის ტკივილი და კისრის გამკვრივება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები