საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსებით, ქართველ მზარეულებს საფრანგეთის კულინარიულ სკოლაში „Ferrandi Paris“ მოკლევადიანი სასწავლო კურსის გავლის საშუალება ეძლევათ.
გადამზადების კურსს კონკურსის წესით შერჩეული 10 საუკეთესო მონაწილე ქალაქ დიჟონში გაივლის. სწავლების პერიოდი 23 ივნისიდან 4 ივლისამდე გრძელდება. სასწავლო კურსი მოიცავს: კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას, ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტენდენციების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მოქმედ მზარეულებს (არა მთავარი ან „ბრენდ შეფი“), კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამწლიანი სამუშაო გამოცდილება და უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 16 მაისი.
პროექტის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.
ცნობისთვის, „Ferrandi Paris“ კულინარიული ხელოვნების ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია, რომელიც 1920 წელს დაარსდა და საფრანგეთის კულინარიული სკოლების საუკეთესო ხუთეულში შედის. მის 2000-ზე მეტ წარმატებულ საერთაშორისო კურსდამთავრებულს შორის Michelin ვარსკვლავის მფლობელი მზარეულები არიან.