არის თუ არა ხინკალი ანტიოქსიდანტური? – ენდოკრინოლოგი, შოთა ჯანჯღავა ახალი კვლევის შესახებ გადაცემაში „პაციენტი“ საუბრობს, რომლის თანახმადაც შესაძლოა ქართულ ტრადიციულ კერძს ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნდეს.
ექიმის განმარტებით, საუბარია ხინკლის წვენზე, რომელსაც როგორც ექიმი ამბობს, შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ორგანიზმზე:
„ხინკალი – ამ საკვებ პროდუქტზე ცოტა გაურკვევლობაში ვართ, რადგან აქამდე ხინკალთან მიმართებაში ითვლებოდა, რომ ის იყო არც ისე ბალანსირებული, თუმცა ახლა, ახალი კვლევები წამოვიდა, რომლის თანახმადაც, შეიძლება რომ ხინკალი უფრო ანტიოქსიდანტური იყოს, შიგთავსის, ცომში არსებული სითხიდან გამომდინარე, ანუ ხინკლის წვენს, პირიქით დადებითი გავლენა შესაძლოა ჰქონდეს ჩვენს ორგანიზმზე, ჯერ კიდევ ველოდებით ხინკლის ამ სასარგებლო თვისებების შესახებ კვლევების შედეგებს“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
ცნობისთვის, ანტიოქსიდანტი მოლეკულაა, რომელიც აფერხებს სხვა მოლეკულების ოქსიდაციას. ოქსიდაციის დროს გამოიყოფა თავისუფალი რადიკალები, რომლებიც მეცნიერთა ვარაუდით მრავალი დაავადების გამომწვევია. თუ ორგანიზმი საკმარის ანტიოქსიდანტებს იღებს, მაშინ თავისუფალ რადიკალებთან გამკლავება ორგანიზმს თავადვე შეუძლია.