ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა იყო.
ფორუმში სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.
ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კერძო კაპიტალის ფონდის პრეზენტაცია გამართა.

მიხეილ ხიდურელი: „საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად ვმუშაობთ კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც სააგენტოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი მიენიჭება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით, ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას“.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.