LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კონკურენტი Eurostar-ისთვის: Gemini Trains 2030 წლისთვის ლონდონი-კელნის მიმართულებას აანონსებს

110
Gemini Trains

ბრიტანული სტარტაპი Gemini Trains ევროპის სარკინიგზო ბაზარზე შესვლას და Eurostar-ის მრავალწლიანი მონოპოლიის დასრულებას გეგმავს. კომპანიის განცხადებით, პირდაპირი რეისები ლონდონსა და კელნს შორის, შესაძლოა, უკვე 2030 წლისთვის ამოქმედდეს.

Gemini Trains-ის გეგმის თანახმად:

  • ახალი პირდაპირი მარშრუტი ლონდონიდან კელნამდე მგზავრობის დროს 6 საათიდან (რაც ამჟამად მინიმუმ ერთ გადაჯდომას მოითხოვს) 4 საათამდე შეამცირებს.
  • მგზავრებით გადატვირთული St Pancras-ის სადგურის ნაცვლად, Gemini Trains-ი მთავარ ლონდონურ ჰაბად Stratford International-ს განიხილავს. მატარებლები ასევე გაჩერდებიან ებსფლიტსა და აშფორდში, სადაც Eurostar-ი 2020 წლის შემდეგ აღარ გაჩერებულა.

მიუხედავად იმისა, რომ Eurostar-ი უკვე 30 წელზე მეტია Channel Tunnel-ის ერთადერთი სამგზავრო ოპერატორია, ის ამჟამად ხელმისაწვდომი სარკინიგზო სლოტების მხოლოდ 50%-ს იყენებს. ბაზრის ეს პოტენციალი სხვა მსხვილ მოთამაშეებსაც იზიდავს:

  • Virgin Trains: სერვისის გაშვებას გეგმავს 2030 წლისთვის სენტ-პანკრასის სადგურიდან პარიზის, ბრიუსელისა და ამსტერდამის მიმართულებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი გერმანიაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაფართოებას.
  • Trenitalia და Evolyn: იტალიური სახელმწიფო რკინიგზა და ესპანური სტარტაპი ასევე განიხილავენ ლონდონი-პარიზის ხაზზე ოპერირებას.

კონკურენტების აქტივობის საპასუხოდ, Eurostar-მა, გერმანიის სახელმწიფო რკინიგზასთან (Deutsche Bahn) პარტნიორობით, 2030-იანი წლების დასაწყისისთვის ბრიტანეთის დედაქალაქის გერმანიის ქალაქებთან პირდაპირ დაკავშირება დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები