ცნობილმა მსახიობმა, საქართველოს სახალხო არტისტმა, იმედა კახიანმა ცოტა ხნის წინ 88 წლის იუბილე იზეიმა. საიუბილეო თარიღზე, განვლილ ცხოვრებასა და შემოქმედებით გეგმებზე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა.
როგორც იმედა კახიანმა აღნიშნა, ის აშშ-ში მცხოვრები ქართველი რეჟისორის ფილმში ექვთიმე თაყაიშვილის პერსონაჟს განასახიერებს. მსახიობის თქმით, ფილმის 70% უკვე გადაღებულია.
„საბედნიეროდ, დღესაც ვმუშაობ: ელდარ შენგელაიას ფილმში ცირკის კლოუნის როლი შევასრულე. ამ ფილმის გადაღება უკვე დასრულებულია. ერთ-ერთ სერიალშიც ვმონაწილეობ, მაგრამ ჩემთვის მთავარი სულ სხვა ამბავია: ჩემთან მოვიდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი – რამაზ ბლუაშვილი და სცენარი მომიტანა. ექვთიმე თაყაიშვილზე ვაპირებ ფილმის გადაღებას და მინდა, მთავარი როლი შემოგთავაზოო. ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, რადგან ამ საოცარი პიროვნების როლის შესრულება ნებისმიერი მსახიობისთვის დიდი პატივია. ექვთიმეს როლის შესრულებაზე ხომ ნებისმიერი მსახიობი იოცნებებდა! ფილმის 70% უკვე გადავიღეთ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა და ვცდილობ, ჩემს საქმეში მაქსიმალური ძალა და ენერგია ჩავდო.
ზოგჯერ, ელდარ შენგელაიას ვეხუმრები: ამდენი ხნის ძმაკაცები ვართ და ამ ასაკში მოხუცებული კლოუნის როლი შემომთავაზე, აგერ, კაცი ამერიკიდან ჩამოვიდა და წმინდანის როლი შემომთავაზა-მეთქი. ისიც მპირდება, ახალი ფილმის გადაღება მაქვს ჩაფიქრებული და აკადემიკოსის როლი უნდა დაგითმოო. ბედნიერებაა, რომ ცხოვრების გზაზე ასეთი ადამიანები მხვდება, რომ მთელი სიცოცხლე ჩემს საყვარელ საქმეს მივუძღვენი და ამ ასაკშიც შემიძლია, იმავე საქმეს ვემსახურო. არც კი ვიცი, ამაზე კარგი რა უნდა მენატრა ჩემს ცხოვრებაში!“, – აღნიშნავს იმედა კახიანი ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ