ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი, რომელიც სოციალურ ქსელში, გამომწერების მიერ დასმულ შეკითხვებს ვიდეომიმართვებით ხშირად ჰპასუხობს, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ახალ ვიდეოს აქვეყნებს.
როგორც მაია ასათიანი აღნიშნავს, მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხშირად მიმართავენ შეკითხვით – თუ როგორია ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ.
ტელეჟურნალისტი აღნიშნავს, რომ სურს, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც მის გზას გადიან.
„ხშირად ვიღებ ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების შეტყობინებებს – ვინც ტრაგედიაშია, ვინც ტრაგედია გამოიარა, ვინც ახლა ებრძვის ამ მდგომარეობას.
როგორია ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ, ან არსებობს ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ? მინდა დავეხმარო ადამიანებს, რომლებიც ჩემს გზას გადიან.
მე მივყვებოდი დინებას და გადარჩენის ინსტინქტს.
ჩემი პირველი რჩევა: იყავით ეგოისტები, თქვენ უნდა გადარჩეთ. ორი გზა გაქვთ – ან დარჩეთ სიკვდილში, ან გადარჩეთ.
გლოვის პირველ ეტაპზე უამრავი ადამიანით ხარ გარშემორტყმული, დაკრძალვის შემდეგ კი შედიხარ ცარიელ სახლში, ამ დროს თან გახლავს რამდენიმე მეგობარი, შემდეგ ისინიც მიდიან და რჩები მარტო. თავს იჩენს უძილობა, ღამე არ გძინავს, მთელ დღეს კი ტირილში ატარებ. მეორე დღესვე აუცილებლად წადით ფსიქიატრთან ან ნევროპათოლოგთან, რომელიც სწორად მართავს პროცესს და დაზიანებულ ტვინის უჯრედებს გადაგირჩენთ.
მერე რჩევა: თავი დაანებეთ შეკითხვების დასმას – რატომ დამემართა ეს მე – დაბადებაც სიცოცხლის ნაწილია და სიკვდილიც, მოხდა ასე. მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ თქვენ უნდა გადარჩეთ და ამას უნდა მიუდგეთ ძალიან ეგოისტურად.
არ მოგეჩვენოთ ძალიან სასტიკად – უნდა თქვათ, რომ ის ცხოვრება დამთავრდა, ისეთი, როგორიც იყავით მაშინ, როცა ეს ახლობელი გვერდით გყავდათ, აღარასდროს იქნებით. აღარ განმეორდება ის ემოციები“, – ამბობს მაია ასათიანი.
ცნობისათვის, მაია ასათიანის 18 წლის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე 2017 წელს, მენინგოკოქცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.