„მეგობრებო, 2 დღის წინ სახლში ყოფნისას, უწყინარ სიტუაციაში, უცაბედად დავეცი, მივიღე სერიოზული დაზიანებები სახის არეში“, – ამის შესახებ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლეგენდარული მოჭადრაკე მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ რთულ სიტუაციაში დაეხმარა.
ნონა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ კვლავაც აპირებს საყვარელი საქმის კეთებას:
„მინდა ყველა ახლობელი და გულშემატკივარი დავამშვიდო. სახეზე გადატანილი ოპერაციისა და მკურნალობის ფონზე უკეთ ვარ.
მადლობა ბატონ მიშა სარჯველაძეს, ჯანდაცვის სამინისტროს გულისხმიერებისთვის.
მადლობა „პინეოს სამედიცინო ეკოსისტემის“ არაჩვეულებრივ გუნდს მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
მადლობა ყველა ახლობელს და გულშემატკივარს ყურადღებისა და თანადგომისთვის.
ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ოჯახს, სანათესავოს და სამეგობროს იმისთვის, რომ სანერვიულო გავუჩინე.
წინასწარ ვუხდი ბოდიშს ყველა მოახლოებული ღონისძიების ორგანიზატორს, კოლეგებს და პარტნიორებს, ასევე ჩვენი ოჯახის იუთუბ გადაცემის ერთგულ მაყურებელს, უნებური დაცემის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო უახლოესი პერიოდი ვერ მივიღებ მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რადგანაც მომიწევს სახლში ყოფნა და ინტენსიური მკურნალობა.
„დაცემას მოჰყვება ფეხზე წამოდგომა, ამ ორს კი ერთი გულიანი მიზანმიმართული მოძრაობა ყოფს.“
მწვერვალზე ასვლა, კი მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლით არის შესაძლებელი, ბრძოლა კი გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე.“
ჩემს შემთხვევაში და ჩემს ასაკში კი ბრძოლა იწყება იარების მოსაშუშებლად და ფორმაში შესასვლელად.
ჩემი დევიზია: „აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და ამით გაიხანგრძლივე სიცოცხლე.“
მეც კვლავ ვაპირებ საყვარელი საქმის კეთებას.
ვპირდები ჩემს გულშემატკივარს, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს სენიორებს შორის, რომელიც გაიმართება შემოდგომაზე, შევხვდები სრულ მზადყოფნაში და შევეცდები გამარჯვების მოპოვებას.
ვაპირებ, რომ გავხდე ყველაზე ასაკოვანი მსოფლიოს ჩემპიონი — ჩემი ქვეყნის სასახელოდ და გულშემატკივრების გასახარად“, – ვკითხულობთ ნონა გაფრინდაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.