ანალიტიკურმა კვლევითმა ორგანიზაციამ Economist Intelligence Unit (EIU) საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა.
რეიტინგი 173 ქალაქს აერთიანებს და ისინი ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდნენ, ესენია: სტაბილურობა, განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა და გარემო და ჯანდაცვა.
წლევანდელ სიაში, ბოლო სამი წლის ლიდერმა – ვენამ პირველობა კოპენჰაგენს დაუთმო, რაც ბოლო დროს ქალაქში გაზრდილი ტერორისტული საფრთხითაა განპირობებული. დანიის დედაქალაქმა მაქსიმალური ქულები სტაბილურობის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის კატეგორიებში მიიღო.
რეიტინგის ათეულში, კოპენჰაგენთან და ვენასთან ერთად, ასევე მოხვდნენ: ციურიხი (შვეიცარია), მელბურნი (ავსტრალია), ჟენევა (შვეიცარია), სიდნეი (ავსტრალია), ოსაკა (იაპონია), ოკლენდი (ახალი ზელანდია), ადელაიდა (ავსტრალია) და ვანკუვერი (კანადა).
რეიტინგის ბოლო ადგილს, ტრადიციულად, სირიის დედაქალაქი დამასკო იკავებს. ასადის რეჟიმის ცვლილების მიუხედავადაც, წელს დამასკოს საცხოვრებლად ვარგისობის ქულა, არსებული არასტაბილურობის გამო, უცვლელი დარჩა.