„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიორგი ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს ასევე აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას თავად გიორგი ვაშაძე არ დასწრებია, ის თანაგუნდელებთან ერთად განაჩენს პარტიის ოფისში ელოდებოდა.
შეგახსენებთ, გიორგი ვაშაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. ამასთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს 50 000-ლარიანი გირაო, რომელიც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.