რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათუნა მგელაძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მე მოვალ შენთან“ პრემიერა შედგა.
დათუნა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
ეს დღეებია, მოვრჩი ვიდეოკლიპის გადაღებას და მივხვდი, რომ დავუბრუნდი იმ საქმეს, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაბედნიერებს.
ვისაუბროთ სიმღერაზე „მე მოვალ შენთან“
ეს სიმღერა ჩემი რეპერტუარისგან ცოტა განსხვავებულია. გადავწყვიტეთ, რომ ცოტა 80-იანი წლებით და თან ცოტა ახალი ჟღერადობით წავსულიყავით. ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა, ტექსტიც არაჩვეულებრივია. სიმღერა არის ჩემი, მთლიანი მუსიკალური პროდიუსინგი ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა. კლიპი სერგო ეგოიანმა გადაიღო.
როგორია სამომავლო გეგმები, ზაფხულის პერიოდში თუ გაქვს დაგეგმილი კონცერტები?
რადგან განვაახლე ჩემი რეპერტუარი, ალბომზეც ვფიქრობ. კიდევ 1-2 ახალი სიმღერა მაქვს გამზადებული. ძალიან დიდი ხანია სტუდიაში ვარ ჩაკეტილი და ვმუშაობ.
რაც შეეხება კონცერტებს, ჯერჯერობით მნიშვნელოვანი არაფერია და ეს ჩემი ბრალია. აღარ ვიზამ ისე, რომ სცენაზე გავიდე და ვიდგე მარტო, აუცილებლად მინდა ბენდი. ამას ძალიან დიდი მუშაობა და დრო უნდა, ამიტომ არ ვიცი, ამ ზაფხულს მოესწრება თუ არა, თუმცა ვგეგმავ ჩემს სოლო კონცერტს.
რა ან ვინ არის შენთვის სტიმული?
მონატრება, უბრალოდ, მონატრება. ბევრჯერ დავფიქრებულვარ იმაზე, თუ რა მაკლია და მაკლია სიმღერა, სცენა, აპლოდისმენტები. ჩემთვის ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი არის სიმღერა და აპლოდისმენტები.
ვინ არის შენი შემოქმედების პირველი შემფასებელი?
ჩემი მეუღლე. ძალიან პირდაპირია და ეს მომწონს. ასევე, რა თქმა უნდა, დედა.
დათუნა მგელაძე – მე მოვალ შენთან
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათუნა მგელაძე – მე მოვალ შენთან