ექსპერტიზის დასადგენია თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა თუ ესროლეს, უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი, – ამის შესახებ „სამართლის სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესა და მედიაში გავრცელებულ წერილს ეხმაურება.
მისივე თქმით, საეჭვოდ ავრცელებენ წერილს, რომელიც არ ჯდება რაციონალურ ლოგიკაში.
„ბევრ სისხლის სამართლის საქმეზე მიმუშავია, როდესაც მკვლელობის ისტორია იყო, თვითმკვლელობის ისტორიებიც იყო და მცდელობებიც. პრაქტიკა ვიცი და ვიცი უფრო რთული შემთხვევებიც და ასეთი წერილები თვითმკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე არ იწერება. ეს რაღაც ისეთია, რომ დაჯდები და კარგად ჩამოარაკრაკებ. ქვეტექსტებში იკითხება, ვისკენ არ გინდა მიემართებოდეს ეჭვები. წერილი არ გავს აფექტში დაწერილს. ადამიანი როდესაც თავს იკლავს და სიცოცხლეს იმეტებს, ის რაციონალურად ვერ აზროვნებს და მისი ემოციური ინეტელექტი, გონებრივი, ემოციური მდგომარეობა არასტაბილურია.
ასეთ დროს ყოველთვის ვიკვლევთ, რამ მიიყვანა ადამიანი ასეთ მდგომარეობამდე, თუ მართლა თავს იკლავდა, მაგრამ ესეც დასადგენია თავს იკლავდა თუ ესროლეს, ეს ექსპერტიზის დასადგენია. უნდა მოხდეს არა მხოლოდ იმ პირების დაკითხვა, ვინც ესწრებოდა ამ შემთხვევას, არამედ ექსპერტიზამ უნდა თქვას, რა მანძილიდანაა ნასროლი. არის რაღაც მანძილი, რომლის იქეთ შეუძლებელია თვითმკვლელობაზე საუბარი. ადამიანს არ შეუძლია ნებისმიერი ტრაექტორიით ესროლოს თავის თავს. ბევრ ნიუანს ვაანალიზებთ ხოლმე, ვიდრე დასკვნეს ვაკეთებთ.
სამთავრობო მედია რომ დილიდანვე ამ წერილს აქვეყნებს, ეს ეჭვს ბადებს. ის, რაც გინდა, რომ დააჯერო, წინა „პლანზეა“ გამოტანილი. მე ეჭვი ამ წერილმა უფრო გამიჩინა. მეორე საკითხია ის, რომ უსიამოვნო ამბები ვრცელდებოდა მასთან დაკავშირებით. ის, რომ რაღაც კონფლიქტი არის მომწიფებული, რომლის შემდგომ ხდება ასეთ მძიმე ისტორია, ეს უთუოდ საეჭვოა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების თქმით, რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მოგვიანებით კი, რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.