LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა: „ვინაიდან, ნინო დათაშვილის ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა“

124
პროკურატურა, ნინო დათაშვილი

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა“ – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რითაც უწყება დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატების განცხადებას ეხმაურება

უწყება განმარტავს, რომ „ადვოკატების მიერვე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ექსპერტიზის დანიშვნა მიზანშეწონილად ამიტომ ჩაითვალა“

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მსგავს შემთხვევებში, ფსიქიატრიული ექსპერტიზა ყოველთვის ინიშნება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.

აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა”,- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, სასამართლომ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პროკურატურა ამ საკითხის გარკვევას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ცდილობს. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თამუნა გაბოძის თქმით, სასამართლომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობით გადაყვანის ნებართვა გასცა.

🔵 გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება…

Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on შაბათი, 02 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g