პირველ რიგში, დასვენების თემით დავიწყოთ. როგორ გამოიყენე შვებულებისთვის განკუთვნილი პერიოდი?
დავისვენე თბილისში, არსად გავსულვარ. დავისვენე კარგად, რადგან ვიყავი სულ სახლში. მეტი დრო მქონდა ინსტრუმენტთან ურთიერთობისთვის. ეს ზაფხული, პრინციპში, ამისთვის გამოვიყენე – ვმუზიცირებდი. მივიღე საბურთალოს რუჯი (იცინის). კერძო სახლი მაქვს, სადაც პატარა აუზი გვაქვს. სხვათა შორის, არ არის ცუდი ფერი.
გადასარევი ფერია ნამდვილად. თბილისში დასვენება რატომ გადაწყვიტე?
ეს არის ფინანსური მდგომარეობის ბრალი. ცოტა ვიჩაგრებით ხოლმე ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები და ალბათ, ამის გამო. ვერ შევძელი თანხების მობილიზება დასვენებისთვის.
შენი ვიდეოები ვნახე, სადაც ქალიშვილთან ერთად უკრავ…
ჩაწერის დროს ძალიან ვიხალისეთ, ხან ძაღლების ხმა შემოდიოდა, ხან – დედაჩემის. ელენე არის ჩემი უმცროსი ქალიშვილი და სწავლობს ნიჭიერთა ათწლედში.
ანუ დედიკოს გზას გაჰყვა?
დედიკოს და მამიკოს, მამაც მუსიკოსია. ძალიან უყვარს დაკვრის პროცესი, მაგრამ არა გადაღების. რომ ნახეთ ვიდეოები, ალბათ, მის სახეზე მიხვდით კიდევაც.
დედა იღიმის, ბავშვი – არა…
(იცინის) მე ორმაგად მიწევდა თამაში. სანამ ვიდეოებს ჩავწერდით, მანამდე 10-15 წუთით ადრე ვასწავლიდი, ძალიან ადვილად ითვისებს ყველაფერს. ფორტეპიანოზე უკრავს, სწავლობს კლასიკურ მუსიკას. „ტიკ-ტოკზე“ ბევრად მეტი ვიდეო მიდევს.
კმაყოფილია კარგი კომენტარებით, თუ მაინც ფიქრობს, რომ არ უნდა გამოჩნდეს?
მგონი, მოეწონა, წავაკითხე კომენტარები…
სამი შვილის დედა ხარ. რამხელები არიან?
15-ის, 13-ის და 11 წლის შვილები მყავს. ჩემს სამივე შვილს კარგი სმენა აქვს. უფროსი, ნინი მღერის. ვერაფრით მოვახერხე, რომ ერთხელ რაღაც ვამღერო და გადავიღო, მართლა კარგად მღერის. სახლში გვაქვს დასარტყამი ინსტრუმენტი, აკუსტიკური დრამი, რა კარგია, რომ კერძო სახლში ვცხოვრობ, ორი გიტარა, ბასგიტარა და ელექტრო, კლავიში და მიკროფონი. ეს ყველაფერი მიქშერში გვაქვს შეერთებული.
ოჯახური ბენდი გაქვთ?
ასე გამოდის.
მეუღლეც მონაწილეობს?
მეუღლე იყო ამ ბენდის ჩამოყალიბების ინიციატორი, მაგრამ ჯერჯერობით ვიდეო არ გადაგვიღია.
სახელი ხომ არ გაქვთ?
ჯერ რეპერტუარს ვამუშავებთ. რეპერტუარში ქართული და უცხოური სიმღერები იქნება.
სამი შვილის დედა პლუს ეკრანზე ყოფნა – ალბათ, ადვილი არ იყო მათი გაზრდა…
ძალიან რთულია. ბოლომდე ვერ ვარ ჩართული ბავშვების ცხოვრებაში იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ვიყო წესით. რაღაცნაირად მაინც ვცდილობ, დრო ისე გადავანაწილო, რომ უყურადღებო დედა არ ვიყო.
ვინმე თუ გეხმარებოდა ამ წლების განმავლობაში?
მანამდეც მეხმარებოდნენ და ახლა დედაჩემია ჩემთან, მას აქვს ძალიან დიდი წვლილი…
ეკრანზე გამოჩენას თავისთავად ახლავს თავის მოვლის განსაკუთრებული რუტინა. შესანიშნავად გამოიყურები, ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებში კი განსაკუთრებულად გამხდარი ხარ. როგორც ვიცი, წონას პერიოდულად ებრძვი…
კი, სულ ბრძოლებში ვარ. დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვედი იმ წონაზე, 57 კილოზე, რაც მინდოდა. ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს ამ წონას, კომენტარებს მიწერდნენ, სახეზე როგორ არ გიხდებაო. ისედაც თხელი სახე მაქვს და რომ ვხდები, უფრო ჩაჩუტული ვარ. მაგრამ მე მაინც მირჩევნია, ნაკლები წონა მქონდეს. ასე უფრო მომწონს ჩემი თავი. შემდეგ ცოტა მოვიმატე. დიდხანს სასწორზე ხუთიანი ვეღარ დავინახე. ახლახან კი გადავწყვიტე, რომ ისევ დამენახა ეს ციფრი. არავის ვურჩევ, ისე ჩამოვედი ხუთიანზე, შიმშილით. ვარჯიშს ვერ ვახერხებ. ერთი პერიოდი ვვარჯიშობდი, მაშინ მიხერხდებოდა, ახლა კი დრო ვერ გამოვყავი. ვერც ჯანსაღ კვებას ვახერხებ, კონტეინერით ვერ დამაქვს საჭმელი, ამიტომ ვარ ხოლმე ძირითადად, ყავაზე, ნუშზე…
ჯანმრთელობის პრობლემა ხომ არ შეგქმნია?
ამას ხანგრძლივად ვერ გააკეთებ. შაბათ-კვირას, როცა სახლში ვარ, ამ დიეტას ვარღვევ ხოლმე. სხვანაირად ადამიანი ძალიან დაისტრესება.
Nini Chochishvili 📸💄
Posted by თამარ ლეკვეიშვილი on Thursday, September 4, 2025
შენ და შენს მეუღლეს, გიგი ოქროპირიძეს რამდენწლიანი ქორწინება გაკავშირებთ?
დავქორწინდით 2008 წელს. 17 წელია, ერთად ვართ.
ეს არ არის მცირე დრო. ოჯახის შენარჩუნების მთავარი საიდუმლო რა არის თქვენ შემთხვევაში?
როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც არის კამათი, უთანხმოება, აზრთა სხვადასხვაობა. მე იუმორისტულ სფეროში ვარ და ჩემგან გასაკვირი არ იქნება, რომ გარკვეულ მომენტებში იუმორით ვუყურებ რაღაცებს, მაგრამ გიგიც ასეთი ტიპია, კამათიდან იუმორით გამოვდივართ. ალბათ, იუმორი და სიყვარული – ეს ორი მთავარი ფაქტორია…