LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვითარება აქვთ კანდიდატ ქვეყნებს: ევროკავშირის მიდგომა იცვლება

113
shutterstock_2452259023-scaled-e1714033715931

„ევროკავშირმა ისწავლა დიდ ბრიტანეთთან და საქართველოსთან ურთიერთობებში დაშვებული შეცდომებიდან და ახლა მზადაა იყოს „უფრო თავდაჯერებული“ და ინვესტიცია ჩადოს წევრ ქვეყნებში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს „ყალბ ნარატივებს“, – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა.

რამდენიმე მედიასაშუალებასთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ევროკომისიის მიდგომა გაფართოების მიმართ შეიცვალა.

„როდესაც დიდმა ბრიტანეთმა რეფერენდუმის ჩატარება გადაწყვიტა, ევროკავშირის დამოკიდებულება იყო: „ეს მათი შიდა საქმეა, ჩვენ არ ვერევით“. ჩვენ არც კი გვითქვამს: „გთხოვთ, შეგიძლიათ დარჩეთ?“ საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსეთი ერეოდა, მაგრამ არ დავეხმარეთ“, – აღნიშნა კოსმა.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირის ახალი მიდგომა უკეთ ებრძვის რუსულ დეზინფორმაციას.
„ისინი მართლაც დიდ ზიანს აყენებენ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ვთქვათ, რომ ჩვენ უკეთესები ვართ“, – თქვა მან.

ევროკავშირში გაწევრიანება როგორც გადაუდებელი ნაბიჯი

„ევროპის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხი კვლავ წამოიჭრა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. დღეისათვის, აღმოსავლეთისკენ გაფართოებიდან 20 წლის შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ განიხილება როგორც გადაუდებელი ნაბიჯი ევროკავშირის სამეზობლოს სტაბილიზაციისა და რუსეთისა და ჩინეთის მზარდი დომინირების წინააღმდეგ. გაფართოებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ევროკავშირს გააძლიერებს. ეს არ გამოვა ახალი პრიორიტეტების დადგენის, დაფინანსების გადახედვის და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების რეფორმების გარეშე.

ევროკავშირი წარმატებული დემოკრატიებისა და დიდი ბაზრის უნიკალური გაერთიანებაა – სწორედ ამიტომ სურთ სხვა სახელმწიფოებს და, უპირველეს ყოვლისა, მოქალაქეებს ევროპაში გაწევრიანება“, – ამბობს პოლიტოლოგი დანიელა შვარცერი, რომელიც გერმანული საზოგადოების საგარეო პოლიტიკის დირექტორი და ბერთელსმანის ფონდის მმართველობის წევრი იყო. ის ასევე ევროკავშირის რეფორმების სამუშაო ჯგუფის წევრია.

ევროკავშირი გაფართოებისთვის მზადაა: ვინ არის მთავარი კანდიდატი?

2023 წლის 6 ოქტომბერს, გრანადაში გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა კავშირის მომავალი განიხილეს. დისკუსია ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ კანდიდატმა ქვეყნებმა, მათ შორის უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ, არამედ იმაზეც, თუ როგორ უნდა მოემზადოს თავად ევროკავშირი გაფართოებისთვის.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს მოუწევს უარი თქვას საგარეო და საგადასახადო პოლიტიკაში ერთსულოვნების პრინციპზე და ამიერიდან ყველაფერი ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტოს. ის ასევე თავაზობს ევროპარლამენტში ადგილების განაწილების განსაზღვრას, „უბრალოდ ევროკომისიის გაფართოებისა და ახალი სამინისტროების გამოგონების“ ნაცვლად.

ევროკავშირი „დახურული კლუბი არ არის“

მომდევნო გაფართოება 2030 წლისთვისაა დაგეგმილი. ორი წლის წინ, იმდროინდელი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ამბობდა: „უნდა დავაჩქაროთ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის ბოლო მიღების შემდეგ მრავალი წელი გავიდა“. მისი მოსაზრებით ისეთი პატარა ქვეყნების, როგორიცაა მონტენეგრო, ევროკავშირში ინტეგრაცია თითქმის შეუფერხებლად შეიძლება, ხოლო უფრო დიდებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება საჭირო. ამიტომ, მისი წინადადება იყო დაიწყონ პატარა ქვეყნების მიღებით და აჩვენონ, რომ ევროკავშირი „არ არის დახურული კლუბი“.

თუმცა, ევროკავშირში გაწევრიანება არ არის ზომაზე დაფუძნებული, არამედ დამსახურებაზეა დამოკიდებული, ხაზგასმით აღნიშნა იმ პერიოდში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. მისი აზრით: „სწორია თარიღის დადგენა, როდესაც ყველამ უნდა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები“. მეტიც, მან აღნიშნა, რომ ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ არა მხოლოდ კანდიდატებმა, არამედ ევროკავშირმაც.

ევროკავშირი სხვაა, შენგენის ზონა სხვა

საგულისხმოა არ ავურიოთ ევროკავშირი და შენგენის ზონა, რადგან ისინი ორი განსხვავებული ერთეულია. დღეისათვის შენგენის ზონა 29 ქვეყანას მოიცავს. მაგალითად, ირლანდია, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები არიან, მაგრამ ისინი შენგენის ზონის ნაწილი არ არიან. ამავდროულად, ნორვეგია და ისლანდია შენგენის ზონის ქვეყნებია, მაგრამ ევროკავშირის ნაწილი არ არიან.

ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სიაში მოსახვედრად აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს კრიტერიუმები ჩამოყალიბდა 1993 წლის კოპენჰაგენის სამიტზე. მას შემდეგ, ეს პირობები კანდიდატებისთვის მთავარ სახელმძღვანელო პრინციპებად რჩება.

ძირითადი კრიტერიუმებია:

პოლიტიკური სტაბილურობა
ქვეყანა უნდა იყოს სტაბილური დემოკრატიული სისტემა მოქმედი ინსტიტუტებით. ძირითადი მოთხოვნებია ადამიანის უფლებების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება და სამართლიანი არჩევნები. ასევე აუცილებელია, რომ მთავრობამ დაიცვას კანონის უზენაესობა.

მოქმედი საბაზრო ეკონომიკა
ქვეყანას უნდა ჰქონდეს სტაბილური საბაზრო ეკონომიკა, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს კონკურენციას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

ვალდებულებების შესრულების ინსტიტუციური შესაძლებლობა
თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა ვალდებულების შესრულებას. ეს მოიცავს ევროკავშირის ყველა ნორმისა და სტანდარტის დაცვას, ასევე კავშირის პოლიტიკურ და სამართლებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

კანონმდებლობის ადაპტაცია
კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა მოარგონ საკუთარი სამართლებრივი სისტემები ევროკავშირის კანონმდებლობას. ეს მოითხოვს მნიშვნელოვან რეფორმებს სხვადასხვა სფეროში.

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები

ამჟამად, კანდიდატის სტატუსი 9 ქვეყანას აქვს: ალბანეთი (განაცხადი 2009 წელს), ბოსნია და ჰერცეგოვინა (2016), საქართველო (2022), მოლდოვა (2022), ჩრდილოეთ მაკედონია (2004), სერბეთი (2009), თურქეთი (1987), უკრაინა (2022) და მონტენეგრო (2008).

კანდიდატებს შორის არიან სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასევე ისინი, ვინც ახლა იწყებენ ინტეგრაციის პროცესს. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი კანდიდატი ქვეყნებია:

უკრაინა
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა, კანონის უზენაესობის განმტკიცება და ეკონომიკის მოდერნიზაცია.

მოლდოვა
მოლდოვა ასევე გახდა კანდიდატი 2022 წელს. მოლდოვასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია სასამართლო სისტემის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების მდგომარეობა.

ალბანეთი
ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კორუფციასთან და დანაშაულთან ბრძოლა.

ჩრდილოეთ მაკედონია
ჩრდილოეთ მაკედონია ოფიციალური კანდიდატი 2005 წელს გახდა, მაგრამ მისი გაწევრიანების პროცესი პოლიტიკური უთანხმოების გამო გადაიდო, მათ შორის ქვეყნის სახელწოდებასთან დაკავშირებული დავის გამო საბერძნეთთან. 2019 წელს მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროკავშირში ინტეგრაციის გზა განაგრძო.

სერბეთი
სერბეთმა განაცხადი 2008 წელს შეიტანა და კანდიდატი ქვეყანა 2010 წელს გახდა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. პროცესი პოლიტიკური და ტერიტორიული საკითხებით, განსაკუთრებით კოსოვოს დამოუკიდებლობით, რთულდება.

მონტენეგრო
მონტენეგრომ ოფიციალური კანდიდატის სტატუსი 2010 წელს მიიღო. მოლაპარაკებები 2012 წელს დაიწყო. ქვეყანა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.

ბოსნია და ჰერცეგოვინა
განაცხადი 2016 წელს შეიტანა, კანდიდატი 2022 წელს გახდა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მუშაობს. ბოსნია და ჰერცეგოვინას წინაშე არსებული გამოწვევები მოიცავს შიდა პოლიტიკურ დაყოფას.

საქართველო
საქართველომ განაცხადი 2022 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო. ინტეგრაციის ძირითადი მიზნებია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
დაახლოებით ერთი წლსი წინ (ნოემბრის ბოლოს) საქართველოს ხელისუფლება განაცხადა, რომ უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე.

თურქეთი
თურქეთმა განაცხადი 1987 წლის აპრილში შეიტანა და კანდიდატი ქვეყანა 1999 წლის დეკემბერში გახდა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესი გადაიდო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე უთანხმოების, ასევე ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან ურთიერთობების გამო.

კიდევ ერთი პოტენციური კანდიდატი არის კოსოვო. ქვეყანა ევროკავშირის მიერ დამოუკიდებელ ერთეულად არ არის აღიარებული, მაგრამ გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. 2018 წელს ევროკავშირმა კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შესთავაზა. 2022 წელს კი ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა.

რატომ არის მოლდოვა მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის

ევროკავშირი-მოლდოვას საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ზიგფრიდ მურეშანის თქმით, რუსეთის მიერ ევროპის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე, ევროკავშირის უსაფრთხოება მჭიდრო კავშირშია მოლდოვას სტაბილურობასთან.
„ევროპა მხოლოდ მაშინ იქნება უსაფრთხო, თუ მოლდოვა უსაფრთხო იქნება. დამოუკიდებელი, ევროპული მოლდოვას გარეშე, ევროკავშირის საზღვრები სრულად ვერ იქნება დაცული“, – განაცხადა რუმინელმა ევროპარლამენტარმა.

„მოლდოვას პოლიტიკური კურსი გავლენას ახდენს შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკულ დერეფნებზე და რუსეთთან რეგიონულ ძალთა ბალანსზე. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებისთვის მოლდოვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო“, – აღნიშნავს თეონა ლავრელაშვილი, ბრიუსელის მარტენსის ცენტრის მკვლევარი, – „თუ მოლდოვა რეფორმების გაღრმავებას და დესტაბილიზაციის წინააღმდეგობის გაწევას მოახერხებს, ეს იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია მუშაობს, რომ რეფორმები და ინტეგრაცია შეიძლება წარმატებული იყოს, რუსეთის ზეწოლის მიუხედავადაც კი“, – აღნიშნავს ლავრელაშვილი.

ამავდროულად, მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ჩიხშია. ბრიუსელი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მოლდოვას ხელისუფლების ბრალი. საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც კიშინიოვმა კიევთან ერთად წარადგინა გაწევრიანების განაცხადი, ევროკავშირმა გადაწყვიტა, არ დაეშორებინა ისინი ევროინტეგრაციის გზაზე. თუმცა, უნგრეთი ბლოკავს უკრაინის პროგრესს მოლაპარაკებებში, ამიტომ მოლდოვა, ისევე როგორც თავად უკრაინა, მისი ვეტოს მძევალი გახდა.

2026 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები უკრაინა და მოლდოვა ერთიანი როუმინგ სისტემით ისარგებლებენ, რაც ამ ქვეყნის მოქალაქეების ევროზონაში ყოფნის დროს სატელეფონო ხარჯებს შეამცირებს. პირველად ხდება, როცა როუმინგი ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდა.

ბალკანეთი

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის გზა მთელი ორი ათწლეულის განმავლობაში დიფერენცირებულად ვითარდებოდა, როგორც ევროკავშირის შიდა მდგომარეობის, ისე ბალკანური ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკური სპეციფიურობებიდან გამომდინარე.

მნიშვნელოვანი ეტაპი გახლდათ 2018 წელი, როდესაც ევროკავშირმა დასავლეთ ბალკანეთთან ურთიერთობის განახლებული სტრატეგია მიიღო, რამაც სრულიად ახალი მოტივაცია მისცა ბალკანეთის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებას. ევროკავშირის მხრიდან მაშინ აღინიშნა, რომ სავარაუდოდ, 2025 წლისთვის სერბეთი და მონტენეგრო მზად იქნებიან ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ჩრდილოეთ მაკედონია და ალბანეთი კი, სავარაუდოდ, – 2030 წლისთვის.
განისაზღვრა 6 პრიორიტეტული მიმართულება. ამჟამად რეგიონის ქვეყნები მეტ-ნაკლებად ისეთი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა – კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებების დაცვა, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, მზარდი მასობრივი მიგრაცია და კარგი სამეზობლო ურთიერთობების უზრუნველყოფა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით პრიორიტეტულია, რადგან ისტორიულად დასავლეთ ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად მიიჩნევა, სადაც ეთნიკურ ნიადაგზე არაერთ სისხლიან დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

საქართველო

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, 9 მაისს, ევროპის დღეს გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საქართველომ, შესაძლოა, „დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი“ და ხელისუფლების მხრიდან ვერ ხედავს რაიმე პროგრესსა და სურვილს, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს წევრი ქვეყანა.

„2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ.

„თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – დასძინა მან.

„ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ, რაც ჩვენ. გვყავს პარტნიორები, მაგალითად, ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ მათი ქმედება, მათი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.

ხალხი გაფართოებას მხარს უჭერს

ევროკავშირის გაფართოება იმპულსს იძენს: ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროპელთა ნახევარზე მეტი, ანუ უფრო ზუსტად 56%, ევროკავშირის გაფართოების მომხრეა.

ევრობარომეტრის თანახმად, შვედეთი (79%), დანია (75%) და ლიეტუვა (74%) ევროპული ოჯახის გაფართოებას ყველაზე მეტად უჭერენ მხარს. ავსტრია (45%), ჩეხეთი (43%) და საფრანგეთი (43%) ამ თემის მიმართ ნაკლები ინტერესით არიან განწყობილი.

ახალგაზრდები გაფართოებას უფრო მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯგუფი: 15-დან 24 წლამდე ასაკის ევროპელების 67%. 25-დან 39 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ეს მაჩვენებელი 63%-ია. საერთო ჯამში, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ევროპელთა ორი მესამედი ახალი სახელმწიფოების გაწევრიანების მომხრეა.

გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ გაფართოება გაზრდის ევროკავშირის გლობალურ გავლენას; კიდევ 37% მიიჩნევს, რომ ეს გააძლიერებს ევროპულ ბაზარს. ხოლო ევროპელთა 30% მიიჩნევს, რომ გაფართოება გააძლიერებს სოლიდარობას 27 წევრ სახელმწიფოს შორის.

ფოტო: newunionpost
euneighbourseast
opensocietyfoundations
vocaleurope
courthousenews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g