LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერგმირის ფორმაში გამოწყობილმა კაცმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მძარცველი გამოიყვანა

106
Screenshot 2025-11-06 112138

The Guardian-ის ცნობით, ოჰაიოს შტატის ქალაქ გრინვილში მცხოვრები კრისტოფერ ლი ტეილორი ჰელოუინის საღამოს მოულოდნელად ნამდვილ გმირად იქცა – მიუხედავად იმისა, რომ მას ანტიგმირის კოსტიუმი ეცვა.

ტეილორი მეუღლესთან და შვილებთან ერთად წვეულებაზე მიდიოდა, როცა გზად ცეცხლის ალში გახვეული საცხოვრებელი სახლი შენიშნა. ამერიკელს ბევრი არ უფიქრია და მაშინვე დასახმარებლად გაემართა.

მამაკაცი ცეცხლში შევარდა და მეორე სართულზე უგონოდ მყოფი, სრული მამაკაცი იპოვა. მან უცნობი ხელში აიტაცა და გარეთ გამოიყვანა, შემდეგ კი დაზარალებულს რეანიმაცია ჩაუტარა, რითაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა.

„ადამიანები ქუჩაში იდგნენ და ცეცხლს უყურებდნენ, როგორც სანახაობას. როცა შიგნიდან ხმა გავიგონე, მივხვდი, რომ უნდა მემოქმედა – მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიესტერის კოსტიუმი ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დამდნარიყო,“ – იხსენებს ტეილორი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გადარჩენილი მამაკაცი უცხო სახლში უკანონოდ შეჭრილი პირი იყო, რომელიც გონზე მოსვლისთანავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თუმცა, მოგვიანებით მან გადამრჩენელს მადლობა სხვა ადამიანების დახმარებით შემოუთვალა.

გმირმა კი აღნიშნა, რომ ადამიანების დახმარება მისი ცხოვრებისეული კრედოა და სუპერგმირის კოსტიუმმა მომხდარს მხოლოდ დრამატულობის ელფერი შემატა:

„თავს უფრო იდიოტად ვგრძნობდი, ვიდრე გმირად,“ – აღნიშნა მან ღიმილით.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევის შემდეგ ტეილორმა და მისმა ოჯახმა დაგეგმილ წვეულებაზე მისვლა მაინც შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები