LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალდივები გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც 2007 წლის შემდეგ დაბადებულებს მოწევა აუკრძალა

109
Screenshot_1

მალდივებზე 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებული ადამიანები მოწევას ვეღარ შეძლებენ – ინიციატივის მიზანი „თამბაქოსგან თავისუფალი თაობის“ შექმნაა.

AFP-ის ცნობით, მალდივების ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კანონი ძალაში 1 ნოემბერს შევიდა და სიახლე ქვეყანას უნიკალურს ხდის. მალდივები მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ახალი თაობები თამბაქოს ნაწარმისგან დაცულები იქნებიან.

„ახალი რეგულაციის მიხედვით, ყველა ადამიანი, ვინც 2007 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაიბადა, მალდივებზე თამბაქოს შეძენას, მოხმარებას ან გაყიდვას ვეღარ შეძლებს,“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

აკრძალვა ვრცელდება თამბაქოს ყველა ფორმაზე, ხოლო საცალო გამყიდველებს გაყიდვამდე ასაკის შემოწმება მოუწევთ ხოლმე.

საინტერესოა, რომ შეზღუდვა ეხება არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტებსაც.

მალდივების ხელისუფლება ასევე ინარჩუნებს სრულ აკრძალვას ელექტრო სიგარეტებისა და სხვა მსგავსი მოწყობილობების იმპორტზე, გაყიდვაზე, გავრცელებაზე, ფლობასა და გამოყენებაზე, თანაც ასაკის მიუხედავად.

დამრღვევების სანქციები მკაცრია:
არასრულწლოვანისთვის თამბაქოს მიყიდვის შემთხვევაში ჯარიმა 50 000 რუპიას (დაახლოებით 3 200 დოლარს) შეადგენს;
ელექტროსიგარეტის გამოყენება 5 000 რუპიით (დაახლოებით 320 დოლარი) დაისჯება.

შედარებისთვის, მსგავსი აკრძალვა ამჟამად განხილვის სტადიაშია ბრიტანეთში, ხოლო ახალ ზელანდიაში (ქვეყანაში, სადაც ასეთი კანონი პირველებმა გააჟღერეს) რეგულაცია 2023 წლის ნოემბერში გაუქმდა, მისი ამოქმედებიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები