რატომ უწევთ ადამიანებს ტკივილის თანხლებით ცხოვრება და რა შემთხვევაშია რეკომენდებული ტკივილის მართვა – ამ თემებზე მედიცინის დოქტორმა, ამერიკის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ნამდვილი წევრმა, ტკივილის მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა „კაიზერ პერმანენსის“ სან-ფრანცისკოს სამედიცინო ცენტრში, გიორგი მიქელაძემ ისაუბრა Youtube არხზე, გადაცემის „პაციენტის“ მე-18 ეპიზოდში.
„ძალიან ხშირია, მაგალითად, ქალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოჯახისთვის და საკუთარ თავს უკანასკნელ ადგილზე აყენებენ, რაც საბოლოოდ ცუდად მთავრდება. უნდა იცოდეთ, რამდენის გაკეთება შეგიძლიათ, რათა საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ. ავადმყოფებმა ყოველთვის უნდა გახსოვდეთ – თუ თქვენ იქნებით ცუდად, ვისი მოვლაც გინდათ, იმასაც ვერ მოუვლით. ამიტომ პირველ რიგში საკუთარ თავზე ზრუნვაა საჭირო,“ – აღნიშნა მიქელაძემ.
ექიმის თქმით, ხშირად ყურადღების მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის წევრების მოვლას თავად ზრუნავენ.
„ესეც მძიმე მდგომარეობაა, თუმცა საზოგადოება ამას სერიოზულად არ აღიქვამს – თითქოს ეს ცოლის ან შვილის ვალია,“ – ამბობს სპეციალისტი.
გიორგი მიქელაძემ ფიბრომიალგიაზეც ისაუბრა – დაავადებაზე, რომელიც საქართველოში ხშირად არ დიაგნოსტირდება.
„ფიბრომიალგია – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს სტკივა მთელი სხეული, თავიდან ფეხამდე. თავდაპირველად მიაჩნდათ, რომ ეს კუნთებისა და სახსრების დაავადება იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ნერვული სისტემის დარღვევაა, როდესაც ტკივილის მდგრადობა დაქვეითებულია. ეს რეალური და სერიოზული დაავადებაა,“ – განმარტა მიქელაძემ.
მისივე თქმით, ფიბრომიალგია ძირითადად ქალებში – დაახლოებით 96%-ში გვხვდება. მკურნალობა რთულია, თუმცა არსებობს პრეპარატები, რომლებიც ტკივილის მართვაში ეხმარება პაციენტებს.
„ძირითადად გამოიყენება ანტიდეპრესანტები – არა დეპრესიის სამკურნალოდ, არამედ ტკივილის მდგრადობის ასამაღლებლად. ასევე მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა,“ – განაცხადა ექიმმა და დაამატა, რომ მათი პაციენტების დაახლოებით 40–50% ტკივილთან დაკავშირებულ მდგომარეობებს განიცდის.
იხილეთ გადაცემა სრულად.
