LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეთერთმეტედ იმართება „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“… ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული კულტურისთვის“ – კოტე კასრაძე და თეა მუქერია დაგეგმილი კონცერტების შესახებ

318
კოტე-კასრაძე-და-თეა-მუქერია

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტFM“ „საქართველოს სინფონიეტას“ დირექტორი, კოტე კასრაძე და პიარი, თეა მუქერია სტუმრობდნენ, რომლებმაც „თბილისის ბაროკოს ფესტივალზე“, დაგეგმილ ღონისძიებებზე, მოწვეულ სტუმრებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ბატონო კოტე, როგორ შეაჯამებდით 2025 წელს?

კოტე კასრაძე: ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მაგრამ, ალბათ, ყველაზე საინტერესო მაინც ახლა, ამ პერიოდში ხდება. მოგეხსენებათ, მეთერთმეტედ იმართება „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“, რომელიც ჩვენი ინიციატივით დაარსდა და „კულტურის სამინისტროს“ მხარდაჭერით ხორციელდება. 6 კონცერტი უკვე ჩავატარეთ, 4 კიდევ წინ არის. ჩამოსული არიან შესანიშნავი სოლისტები, სასწაული მევიოლინე, ქრისტინე ბუში, სასწაული სოპრანო, დოროთე მილდსი… მოკლედ, 27 ნოემბერს, სასწაული კონცერტი გელით. ამ სასწაული მუსიკოსების და მუსიკის მოსასმენად, შეგიძლიათ, მობრძანდეთ „რუსთაველის თეატრის“ მცირე დარბაზში, 19:30-ზე.

ჩვენი კონცერტები მთელი ამ წლების განმავლობაში, ძირითადად, „რუსთაველის თეატრის“ მცირე დარბაზში იმართება.

წლევანდელი ფესტივალის გახსნა 28 ოქტომბერს, „ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში“ გაიმართა. იყო მასშტაბური კონცერტი მონაწილეობდა გუნდი, ხალხური ანსამბლი, ჩვენს ორკესტრთან ერთად იმღერა „თბილისის ქალთა გუნდმა“. შესანიშნავი კონცერტი იყო. დანარჩენი კონცერტები გაიმართა და ზოგი კიდევ გაიმართება „რუსთაველის თეატრის“ მცირე დარბაზში, ხოლო, დახურვა „კონსერვატორიის“ დიდ დარბაზში იქნება.

ფესტივალის დახურვა 7 დეკემბერს იქნება. ჩამოდის სასწაული მუსიკოსი, კონტრტენორი, მაიან ლიხტი, რომელიც არაბუნებრივი ხმის და ტექნიკის პატრონია.

მანამდე, 30 ნოემბერს და 2 დეკემბერს, „იტალიის საელჩოს“ ხელშეწყობით, ჩამოდის შესანიშნავი, კლავესინი, ორღანისტი და დირიჟორი, ფრანჩესკო ჩერა. მისი მოსმენა „რუსთაველის თეატრის“ მცირე დარბაზში შეგეძლებათ.

თქვენს კონცერტებზე მოსულმა მსმენელმა ყოველთვის იცის, თუ რა საოცარი საღამოც ელით წინ… როგორ გესმით თქვენი მსმენელის ხმა?

კოტე კასრაძე: მართლაც განსაკუთრებული მსმენელი გვყავს, ბაროკოს ფესტივალის მსმენელი მართლა გამოირჩევა.

მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება არის მათი ხმა.

თეა, რას გვეტყვი დაგეგმილ ღონისძიებებზე?

თეა მუქერია: „თბილისის ბაროკოს ფესტივალი“ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული კულტურისთვის, რადგან ერთადერთი ფესტივალია, სადაც ავთენტიკურად სრულდება ბაროკოს მუსიკა და უკვე, არა მხოლოდ ბაროკოს მუსიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ისტორიული სიახლე, გვაქვს ახალი, უნიკალური საკრავები, პიანოფორტე, კლავესინები… გვაქვს სწორედ იმ კლავესინის ასლი, რაზეც ბახი უკრავდა, ასევე, მოცარტის ინსტრუმენტი.

წინ კიდევ 4 კონცერტი გვაქვს. 7 დეკემბერს, მართლა ფეიერვერკით დასრულდება ჩვენი ფესტივალი.

გაიზარდა ფესტივალის გეოგრაფიული არეალიც, დავიწყეთ „კახიძის მუსიკალურ ცენტრში“ და „რუსთაველის თეატრის“ მცირე სცენაზე გადავინაცვლეთ. კონცერტებს „კონსერვატორიის“ დიდ დარბაზში დავასრულებთ.

გვყავს ძალიან ბევრი მსმენელი. 2 დეკემბრის კონცერტზე ბილეთები უკვე აღარ არის, 30 ნოემბრის კონცერტზე კი, ცოტა დარჩა. 

რას გრძნობ, როცა სცენაზე „სინფონიეტას“, ამ დიდ მუსიკოსებს უსმენ?

თეა მუქერია: ძალიან დიდი სიამაყის განცდა მაქვს. სულ აღვნიშნავ, რომ ძალიან მარტივია, ასეთი დონის ორკესტრის პიარი იყო, რადგან არ გჭირდება არაფრის შეფუთვა. პიარის მთავარი ამოცანა ხომ ორგანიზაციის წარდგენა და წარმოჩენაა, მაგრამ არასდროს მჭირდება ზედმეტის თქმა, ყოველთვის ობიექტურად ვაფასებ, რადგან მე თავადაც მუსიკოსი ვარ და შემიძლია, პროფესიული შეფასება გავაკეთო. მათთან მუშაობა ძალიან დიდი კომფორტია, რადგან სიმართლის თქმით ვაკეთებ პიარს.

რას გვეტყვით გიორგი ქერელაშვილზე, საქართველოს სინფონიეტას სამხატვრო ხელმძღვანელზე?

თეა მუქერია: გიორგის იდეა იყო ამ ორკესტრის შექმნა და მის მეგობრებთან და პირველ რიგში, კოტესთან ერთად, 2008 წელს შექმნა მართლაც უნიკალური ორკესტრი. მსოფლიოში ძალიან ცოტა ორკესტრია, რომელიც უკრავს, როგორც ბაროკოს, ავთენტიკური ინსტრუმენტებით, ასევე სხვა რეპერტუარსაც, ჩვეულებრივი, თანამედროვე ინსტრუმენტებით. ძირითადად, კონცენტრირებულნი არიან ან ბაროკოზე ან ჩვეულებრივ საკრავებზე. საქართველოს ნამდვილად საამაყო აქვს, რომ არსებობს ასეთი ორკესტრი, რომელსაც შეუძლია, დაუკრას უძველესი მუსიკიდან, უახლესი მუსიკის ჩათვლით. 

ამ ყველაფერს ძალიან დიდი ენერგია სჭირდება და გიორგი არის მთავარი მოტორი მთლიანად ორკესტრის, იდეების… ის, რასაც „სინფონიეტა“ აკეთებს, გიორგის დიდი დამსახურებაა, რადგან არასდროს ჩერდება.

კოტე კასრაძე: გიორგი მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოებული. რა თემასაც არ უნდა შეეხოს, ბოლომდე, საფუძვლიანად შეისწავლის და თუ რამე საქმეს აკეთებს, ბოლომდე, მაღალ დონეზე, ხარისხიანად გააკეთებს.

თეა მუქერია: თითოეული მუსიკოსი, რომელიც „საქართველოს სინფონიეტაში“ უკრავს, განსაკუთრებული ადამიანი და მუსიკოსია. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ჩვენი რეჟიმიც საკმაოდ რთულია, ასე რომ, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ერთგულებისთვის და მუშაობისთვის.

უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე.

კოტე კასრაძე: ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა და რომ არა „კულტურის სამინისტრო“ ეს ინსტრუმენტები საქართველოში ვერ მოხვდებოდა. ჩვენს რეგიონში, ეს ინსტრუმენტები, ალბათ, არავის აქვს. ჩვენ ვართ ის ბედნიერი კოლექტივი, რომელსაც ის ინსტრუმენტები გვაქვს, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერი ორკესტრი იამაყებდა. მართლაც, სასწაული ინსტრუმენტები გვაქვს. იმედი გვაქვს, კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ინსტრუმენტების მარაგი.

როგორია სამომავლო გეგმები?

თეა მუქერია: დაგეგმილი გვაქვს კონცერტები. მაგალითად, 28 დეკემბერს, გვექნება ორი კონცერტი, „კონსერვატორიის“ დიდ დარბაზში. საახალწლო განწყობას შევუქმნით ჩვენს მსმენელს. იქნება ბრაზილიური, არგენტინული მუსიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g