LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადისონის დაავადება

110
ადისონის დაავადება

ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის სტრუქტურის დარღვევა, რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების -გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) – წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება. 100-დან 80 შემთხვევაში ადისონის დაავადება თირკმელზედა ჯირკვლის აუტოიმუნურ დაზიანებას უკავშირდება. ხშირია თირკმელზედა ჯირკვლის ტუბერკულოზური დაზიანებაც.

სხვა მიზეზებს შორის აღსანიშნავია მეტასტაზური კიბო, ათაშანგი, სარკოდიოზი, სოკოვანი ინფექცია და სხვა. დაავადებას საფუძვლად შეიძლება დაედოს თირკმელზედა ჯირკვალში სისხლის ჩაქცევა ორსულობის, ინფექციის, ტრავმის, ქირურგიული ოპერაციების დროს.

დაავადების ფონზე თანდათან ვითარდება ძლიერი სისუსტე, სწრაფი დაღლა, წონის კლება, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ამენორეა (მენსტრუაციული ციკლის შეწყვეტა). ძირითადი სიმპტომებია მოყავისფრო-ბრინჯაოსფერი პიგმენტაცია კანისა და ლორწოვანი გარსის იმ ადგილებში, რომლებიც სინათლის ზემოქმედებას განიცდის: სახეზე, კისერზე, ხელის მტევნებზე. პიგმენტაცია ძლიერდება იდაყვების, იღლიების, საზარდულის, ნაწიბურების მიდამოშიც. ყავისფერი ლაქები ჩნდება ღრძილებზე, ენაზე, ტუჩებზე, ლოყის შიგნითა, ლორწოვან ზედაპირზე; დაავადება უფრო ძლიერად ვლინდება ინფექციის, ტრავმის, ორსულობის, სტრესული ზემოქმედების დროს. მოსალოდნელია, განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა – ე. წ. ადისონის კრიზი. მისთვის დამახასიათებელია მუცლის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, ჰიპოგლიკემია, არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, სისუსტე.

ჩივილებსა და ობიექტურ გამოვლინებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის გამოკვლევას. აუცილებელია სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, რათა დადგინდეს სისხლის პლაზმაში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების დონე. საჭიროა თირკმელზედა ჯირკვლის რენტგენოლოგიური კვლევა და კომპიუტერული ტომოგრაფია. მკურნალობა ეფუძნება ჩანაცვლებით თერაპიას გლუკოკორტიკოიდებისა და მინერალკორტიკოიდების კომბინაციით. აქტიური და ადეკვატური თერაპიის შემთხვევაში პროგნოზი საიმედოა. მკურნალობის შემდეგ უმრავლესობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები