მსახიობ, ტომი ლი ჯონსის ერთადერთი ქალიშვილი, ვიქტორია ჯონსი 1-ელ იანვარს სან-ფრანცისკოში, ძვირადღირებულ სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავები და შესაბამისი უწყებები საქმეს იძიებენ. დამატებითი დეტალები, მათ შორის, იყო თუ არა გარდაცვალება დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებთან, ნივთიერებების მოხმარებასთან ან სხვა გარემოებებთან, ამ დროისთვის უცნობია.
Daily Mail-ის მიერ მოპოვებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ის რამდენიმე თვით ადრე, კალიფორნიის ქალაქ სანტა-კრუზში საზოგადოებრივ ადგილას ალკოჰოლური თრობის ბრალდებით დააკავეს. ამავე საქმეზე მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაც ედებოდა ბრალად. გოგონას ასევე ბრალად ედებოდა „ტოლუენის“ გამოყენება, ნივთიერება, რომელიც ხშირად გვხვდება საღებავების გამხსნელებსა და წებოებში და რომლის ინჰალაციაც ეიფორიულ ეფექტს იწვევს.
აღნიშნული საქმე ვიქტორია ჯონსის გარდაცვალების მომენტისთვის კვლავ განხილვის პროცესში იყო, ხოლო წინასასამართლო სხდომა 27 იანვრისთვის იყო დაგეგმილი.
ცნობისთვის, ვიქტორია ჯონსი ბავშვობაში რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო პროექტში მონაწილეობდა, თუმცა ზრდასრულ ასაკში მან სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა.