სტარტაპმა Matter Neuroscience-მ, მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდები) მეცნიერებთან თანამშრომლობით, სმარტფონის უჩვეულო ქეისი შექმნა. ის დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან და იწონის 2,7 კილოგრამს – დაახლოებით იმდენს, რამდენსაც პატარა საზამთრო.
ერთი შეხედვით, ასეთი კონსტრუქცია ქეისს სრულიად არაპრაქტიკულს ხდის, თუმცა სწორედ ეს არის მისი მთავარი მიზანი. ქეისი შექმნილია იმისთვის, რომ სმარტფონის გამოყენება იმდენად დამღლელი გახდეს, რომ მომხმარებლებმა საათობით აღარ ათვალიერონ ახალი ამბების გვერდები ან სოციალური ქსელები და სახლიდან გასვლისას ტელეფონი ხშირად საერთოდ დატოვონ. იდეის ავტორების თქმით, ასე ტელეფონი დაუბრუნდება თავის თავდაპირველ ფუნქციას – იყოს ინსტრუმენტი და არა დამოკიდებულების წყარო.
ქეისის დიდი ზომის გამო ტელეფონი ჯიბეში აღარ ეტევა, ხოლო ორ ნაწილად აწყობილი კონსტრუქცია, რომელიც ხრახნებით არის დამაგრებული, არ იძლევა მისი სწრაფად მოხსნის საშუალებას – ამისთვის სპეციალური ექვსწახნაგა გასაღებია საჭირო.
იდეის ავტორების თქმით, რადგან ქეისი მძიმეა და ფოლადისგან არის დამზადებული, სახლიდან მისი წაღების პრაქტიკულად ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს სპორტდარბაზში გატანა და ჰანტელის ნაცვლად გამოყენება.

Matter Neuroscience-ში აღნიშნავენ, რომ ადამიანის ტვინი რეალურ, ცოცხალ ურთიერთობაზეა „დაპროგრამებული“ და არა ციფრულ კომუნიკაციაზე. კეთილდღეობასთან დაკავშირებული ნეირო მედიატორები – როგორიცაა ოქსიტოცინი და ენდორფინები, ძირითადად ოფლაინ აქტივობების დროს აქტიურდება, მაშინ როცა სოციალური ქსელების თვალიერება მხოლოდ მოკლევადიან დოფამინის ამოფრქვევას იწვევს, რაც სტრესის დონეს ზრდის.

ამ ეტაპზე უცნობია, გამოვა თუ არა ქეისი მასობრივ გაყიდვაში და რა ეღირება ის.