პირველი ბლოკმატარებლის ფოთის ტერმინალში შემოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ორ ნავსადგურს შორის ბლოკმატარებელი რეგულარული გრაფიკით იმოძრავებს და დადებით გავლენას მოახდენს კონტეინერების გადაზიდვის პროცესის გამარტივებასა და სატრანზიტო დროის შემცირებაში. კერძოდ, უზრუნველყოფს ფოთიდან ბაქოში და უკან მიმავალი ცარიელი კონტეინერების რკინიგზით ტრანსპორტირებას, რაც არა მხოლოდ განტვირთავს სახმელეთო მაგისტრალებს, ასევე ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს „შუა დერეფანში“ საკონტეინერო ტვირთების უსაფრთხო და ეფექტურ გადაზიდვებს, რაც მარშრუტს უფრო მიმზიდველსა და მოთხოვნადს გახდის.
„ბლოკმატარებლების მოძრაობის გრაფიკისა და ტარიფების განსაზღვრით ტვირთმფლობელებს წინასწარ ეცოდინებათ მათი კონტეინერის ფოთში ჩასვლისა და უკან დაბრუნების დრო. აღნიშნული სიახლე საქართველოს რკინიგზისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნება და მეტ შემოსავალს მოუტანს კომპანიას“, – განმარტა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
ბლოკმატარებლის ზუსტი მარშრუტია: ბათუმი-ფოთი-თბილისი-აპშერონი-სუმგაიტი-ალიატი.
საქართველო და აზერბაიჯანი ტვირთმფლობელებს გამარტივებულ სერვისს „ტერმინალიდან კარამდე“ სთავაზობენ.
