მალაიზიის ხანდაზმულმა მცხოვრებმა ლატარიაში 40 მილიონი რინგიტი (დაახლოებით 13 მილიონი დოლარი) მოიგო მას შემდეგ, რაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უმართლებდა. ამის შესახებ გამოცემა Mothership წერს.
დიდი მოგების მფლობელი გახდა 72 წლის დიასახლისი პინანგის შტატიდან. ქალის თქმით, ის ლატარიაში თამაშობდა ჯერ კიდევ 1980-იანი წლებიდან, თუმცა ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მოუგია. მალაიზელმა ქალმა აღიარა, რომ გათამაშებამდე მთელი ღამე არ ეძინა და გამუდმებით ამოწმებდა, ბილეთი ადგილზე იყო თუ არა. გამარჯვების შესახებ მან 28 იანვრის დილით შეიტყო.
მოულოდნელი სიმდიდრის მიუხედავად, ქალმა განაცხადა, რომ მოკრძალებული ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს. ახალგამომცხვარი მილიონერის ქმარმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყვილმა გადაწყვიტა ფულის ნაწილი ნათესავებს გაუნაწილოს, ხოლო დარჩენილი თანხით უზრუნველყოს მშვიდი და ფინანსურად სტაბილური ცხოვრება.