თამარ ბაჩალიაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალება ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.
აღნიშნულის შესახებ თამაზაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა.
„მკვლელობას ვუკავშირებ იმას, რომ თამუნამ კომპიუტერში რაღაც ნახა, არ ვიცი შემთხვევით, ან ვიღაც დაეხმარა – გაიგო მასშტაბური სიმართლე, რაც არ უნდა გაეგო. თუნდაც რამდენიმე მაღალჩინოსანზე, რასაც თავიდანვე ვიძახდი. საჭირო გახდა თამუნას მოშორება, ის მოჩხუბარი ბიჭი არ იყო, გარჩევაში რომ მოეკლათ. დაიწერა სცენარი, სახლიდან გაეყვანათ და ჩუმად მოეკლათ…
თუნდაც პირბადეზე აღმოჩენილ უცხო დნმ-ზე არ მაქვს პასუხი. ბავშვი შავი მაისურით გავიდა და პროზექტურაში თეთრი ფითქინა მაისურით მოხვდა, რომელსაც არცერთი ლაქა არ ჰქონდა. ყიდულობს ელექტროშოკერს, უკავშირდება თეონა ყურუას და ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს. იმეგობრებს ჟურნალისტებს, თადარიგს იჭერდა, რადგან მარტო ებრძოდა სისტემას…
თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ირაკლი შოთაძე [ყოფილი გენერალური პროკურორი] ამ საქმეს ფარცხავდა. მერე ადგა, დაწერა განცხადება და წავიდა, ვითომც არაფერი – მასაც მოეთხოვება. თავიდანვე იცოდა, ვისთან ჰქონდა საქმე. თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილზე, როცა ვიძახდით, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებს კურირებდა, სასაცილოდ არ ყოფნიდა მავანს, დღეს ხომ დარწმუნდნენ, რომ სამართალდამცავებთან კი არა, ბოროტმოქმედებთან გვქონდა საქმე“- აღნიშნა ბაჩალიაშვილის დედამ.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დაიხურა.
