საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების – „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირება თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა.
ტელეკომპანია „იმედი“ ბრიტანეთის მიერ არხის დასანქცირებაზე განცხადებას ავრცელებს
ლევან მაჭავარიანის სიტყვებით, „არც იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ“.
„ეს თავისუფალი მედიის ხელყოფის მცდელობაა. სამწუხაროდ, „იმედის“ შემთხვევაში ეს პირველი მცდელობა არ არის. ჩვენ 2007 წელს ვიხილეთ, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა როგორ ცდილობდა „იმედის“ გაჩუმებას მიხეილ სააკაშვილის ხელით და ეს ამ ყველაფრის გაგრძელებაა. თუმცა, რა თქმა უნდა, არც „იმედი“ და არც „პოსტივი“ ამის გამო არ გააჩერებენ სიმართლეზე საუბარს და ისინი გაორმაგებული ძალებით შეეცდებიან, რომ ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული ამყოფონ.
მაგალითებია მოყვანილი, თუ რის გამო დასანქცირდნენ ეს ტელევიზიები. რასაც გადავხედე, ყველაფერი, რაც იქ წერია, სიმართლეა. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ტელევიზიებს სიმართლის საუბრისთვის ასანქცირებენ, რაც ყოვლად მიუღებელი და ფაშისტური მიდგომაა. თუმცა არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში ეს ყველაფერი მოულოდნელი არ არის, ვინაიდან მათ სჭირდებათ მართული მედია, რომელიც იმ ნარატივს გაატარებს, რა ნარატივიც მათ აწყობთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ ჩართული არიან რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში“.
როგორც სანქციების განმარტებაში წერია, „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ.
სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციას, სანქციებს ტრასტის სერვისებზე.
