LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არლეკინის სინდრომი

122
არლეკინის სინდრომი

არლეკინის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ოფლიანობით და ასიმეტრიული სიწითლით გულმკერდის, კისრისა და სახის მიდამოებში. ეს სინდრომი მიიჩნევა ავტონომიური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნად, ავტონომიური ნერვული სისტემა კი ორგანიზმის ისეთ ფიზიოლოგიურ ფუნქციებს აკონტროლებს, როგორიცაა ოფლიანობა, სიწითლე სახეზე და სტიმულაციაზე გუგების რეაქცია. არლეკინის სინდრომის მქონე ადამიანებს სიმპტომები, მათ შორის – სიწითლეც, სხეულის მხოლოდ ნახევარზე აქვთ გამოხატული. არლეკინის სინდრომთან დაკავშირებული სიმპტომები თავს იჩენს ვარჯიშის დროს, სიცხეში, ყველაზე ხშირად კი ემოციური სტრესის ფონზე. სინდრომი ორივე სქესისა და ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გვხვდება. საბედნიეროდ, სინდრომს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს. ის გავლენას არ ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რეჟიმსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

არლეკინის სინდრომის უშუალო მიზეზი და განვითარების მექანიზმი უცნობია. თუმცა არის შემდეგი მოსაზრებაც, რომ ნერვული სისტემა ცენტრალური და პერიფერიული ნაწილებისგან შედგება. ნერვული უჯრედების, ნეირონების, ერთობლიობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვს უწოდებენ, ხოლო პერიფერიულში – ნერვულ ტრაქტს. ამ უკანასკნელს კი შეუძლია, ავტონომიური ნერვული სისტემიდან იმპულსები მთელ სხეულში გაგზავნოს. კისრისა და გულმკერდის მესამე-მეოთხე მალების დონეზე ნერვული ტრაქტის ნებისმიერი მიზეზით დაზიანებას შეუძლია, არლეკინის სინდრომი გამოიწვიოს.

ნერვული ტრაქტის დაზიანების მიზეზთა ჩამონათვალი კი საკმაოდ მრავალფეროვანია: სხვადასხვა სახის ტრავმა; კისრისა და თავის ტვინის არეში არსებული სიმსივნე; ინსულტი; ავტოიმუნური დაავადებები, მაგალითად, გაფანტული სკლეროზი; ვირუსული ინფექცია და სხვ. დიფერენციალური დიაგნოსტიკის დროს მიმართავენ: ხერხემლისა და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ჰორნერისა და ადისის სინდრომების გამოსარიცხად; ავტოიმუნურ ტესტს; ელექტროკარდიოგრაფიას; გულისა და ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას; სტრესტესტს, რაც გულისხმობს პაციენტის შეფასებას ვარჯიშის შემდეგ;  ოფლის ტესტს. არლეკინის სინდრომის მკურნალობა, თუ ეს სიმსივნური პროცესია, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები