მოდელმა თიკო ჩხეიძემ ჟურნალ „სარკესთან“ გულახდილად ისაუბრა იმ მძიმე განსაცდელებზე, რომლებმაც მისი ცხოვრება ორად გაყო. ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 18 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას, როდესაც მოდელს საკუთარი ქორწილიდან მეხუთე დღეს 22 წლის ძმა დაეღუპა. მოგვიანებით, კი ოჯახს კიდევ ერთი დიდი უბედურება დაატყდა თავს – 9 წლის ქალიშვილის, ტატიანას გარდაცვალება. თიკო ჩხეიძე „სარკესთან“ პატრიარქთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– ბოლოს პატრიარქს ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ შევხვდი. ჩემი მეუღლე ნუკრი იმ დღეებში საერთოდ არ ჭამდა. პატრიარქს რომ შევხვდი ქვასავით ვიდექი. თან ამხელა ტკივილი მქონდა გულში, თან პატრიარქის მიმართ ამხელა რიდი. ნუკრის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქი მივიდა და ჩემი მეუღლე გულში ჩაიკრა. მერე დაგვარიგა, გვანუგეშა გვითხრა, რომ გარდაცვალებით არაფერი მთავრდება. მერე ნუკრისთვის თეფშით ხილი გამოაგზავნა და დააბარა აუცილებლად მიირთვასო. სამი დღის უჭმელობის შემდეგ ნუკრიმ პატრიარქის გამოგზავნილი ხილი შეჭამა.
– თქვენს ოჯახში მანამდე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როცა ძმა დაგეღუპათ…
– ჩემი ძმა 22 წლის ასაკში ჩემი ქორწილიდან მეხუთე დღეს დაიღუპა. ადამიანები, რომლებიც ქორწილში იყვნენ და ერთად ვხალისობდით ჩვენს ბედნიერებას, ხუთი დღის შემდეგ კი ასეთ უბედურებაში შევიკრიბეთ. ჩემს ძმას კოსტა ერქვა, მერე ვაჟი რომ შემეძინა კონსტანტინე დავარქვით.
– ეს ტრაგედია რომ მოხდა, უმცროსი შვილი, იულია გყავდათ თუ მერე შეგეძინათ?
– მყავდა. მაშინ 6 თვის იყო. როდესაც ეს უბედურება მოხდა, ტატა ორ ბავშვს ეთამაშებოდა. ბედისწერის ამბავია. ტატამ მოჰკიდა ხელი, მათ არ მოჰკიდეს, მაგრამ ყველაფერი დაინახეს (თიკოს გოგონა ეზოში თამაშისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა). მათი ტირილი დღემდე ჩამრჩა რაღაცნაირად. ახლა ჩემი შვილების ტირილზე სულ ის ემოცია მახსენდება. ყოველთვის ისე გავრბივარ, როგორც მაშინ გავრბოდი.
