LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხათუნა მეუბნება, რომ ყველა შვილსა და შვილიშვილს ის გამიზრდის… დღეს რომ ცოცხალია, ამაში ღმერთის ხელი ურევია…“ – ნინი ქარსელაძის ბრძოლა დედის დაავადებასთან – რისთვის გაემგზავრა ხათუნა ჟორდანია თურქეთის კლინიკაში

2425
page

მცირე ხნის წინ ხათუნა ჟორდანიამ, რომელსაც ექვსი წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თურქეთის ერთ-ერთი კლინიკიდან ვიდეო გამოაქვეყნა. საზოგადოება დაინტერესდა, თუ რა მიზნით გაემგზავრა ის კლინიკაში.

ნინი ქარსელაძე დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ fortuna.ge-ს ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ ხათუნას გადარჩენაში ღმერთის ხელი ურევია, რადგან მისი დიაგნოზით ხშირია ლეტალური შედეგი…

ნინი ქარსელაძე:

ხათუნას გეგმური კვლევები უწევდა. თურქეთში საკმაოდ შეშინებულები მივფრინავდით, იმიტომ, რომ რამდენიმე თვის წინ შეგვაშინეს გარკვეულ ნაწიბურთან დაკავშირებით. ველოდებოდით, რომ პედკატეს გავუკეთებდით და გავიგებდით, რაში იყო საქმე. მეექვსე წელია, რაც ხათუნას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ზოგადად, ამბობენ, რომ მე-5, მე-6 და მე-7 ონკოლოგიაში საფრთხილო წლებია, როდესაც ყველაზე დიდი რისკია დაავადების მობრუნების. დაძაბულები წავედით, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ არაფერი აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ მის გადარჩენაში და იმაში, რომ დღეს ხათუნა ცოცხალია, ღმერთის ხელი ურევია.

ხათუნა ხშირად აღნიშნავს, რომ მისთვის ამ დაავადებასთან ბრძოლაში მთავარი დასაყრდენი ხარ…

წამალიც კი არ იცის, რა სვამს. ისიც კი არ იცის, რომელ ფილტვზე ჰქონდა სიმსივნე. ყველაფერი აქვს მონდობილი ჩემზე. როცა ნერვიულობს, ამას არასდროს მაჩვენებს. მე თვითონ ისე ვნერვიულობ, ცდილობს, ეს ემოციები ამარიდოს, იქით მაწყნარებს და მამშვიდებს. შენს შვილებსაც და შვილიშვილებს მე გაგიზრდიო. ასე იწყება ჩვენი ყველა საუბარი ყველა კვლევის წინ. ვფიქრობ, ხათუნას ყველანაირი ფობია აქვს დამარცხებული.

Screenshot

რა არის ყველაზე მთავარი ამ დაავადებასთან ბრძოლაში?

ყველაზე მთავარი ამ დაავადებასთან ბრძოლისას არის რწმენა და განწყობის თეორია. თურმე ყველაზე მაგრად სწორედ ეს მუშაობს. უნდა მიენდო ღმერთს და გწამდეს იმის, რომ დაუმარცხებელი არაფერია. მინდა ვთხოვო ადამიანებს, აუცილებლად გაიკეთონ კვლევები, მთავარია, მიუსწრო დაავადებას. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დაგვიანებული იყო. ზოგადად, დედა არის ასეთი, ექიმები არ უყვარდა და არასდროს იყო ნამყოფი. მოტყუებით წავიყვანე კვლევაზე. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ეს კვლევები ადამიანებმა ჩაიტარონ ექვს თვეში ერთხელ.

როგორც ცნობილია, ფონდის გაკეთებას გეგმავ, რომელიც ონკოპაციენტებს დაეხმარება… როდის გაიხსნება ის?

ეს არის ჩემი ბევრი წლის გეგმა. სანამ ხათუნა ავად გახდებოდა, მაშინაც მსურდა ფონდის ჩამოყალიბება, ეს იდეა წლების წინ გამიჩნდა, თუმცა მხოლოდ ონკოლოგიის განხრით არ მინდოდა. სამწუხაროდ, იმ პერიოდში დრო არ მქონდა, რომ დამეწყო და გამეკეთებინა ის, რაც ჩაფიქრებული მქონდა. როგორც იქნა, ახლა მოვაბი თავი და დავიწყე ამის გაკეთება. ძალიან მალე იქნება ფონდის პრეზენტაცია და წარდგენა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ გადავარჩინოთ მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

მარტო აკეთებ ამ ყველაფერს?

ფონდის ხელმძღვანელიც, დირექტორიც და მფლობელიც ვარ მე. ჩემ უკან ადამიანებს არ უნდათ გამოჩენა, ფარულად იქნებიან და დაეხმარებიან დაფინანსებით ამ ფონდს. ეს ადამიანები არიან ონკოპაციენტების ოჯახების წევრები, ზოგმა დაამარცხა და ზოგმა, სამწუხაროდ, ვერ დაამარცხა. ვერთიანდებით ძლიერი გუნდი,რომელიც შეეცდება, იმაზე მეტი ადამიანი გადავარჩინოთ, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია. წინასწარ არ მინდა თქმა, როდის გაიხსნება ეს ფონდი, რადგან მერე ისე არ ხდება ხოლმე, როგორც მე მინდა… სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე გავხსნი…

ბევრი ონკოპაციენტი გწერს ალბათ შენი გამოცდილების გასაზიარებლად და რჩევების მისაღებად…

დილის 10 საათიდან ჩემი ტელეფონი არ ჩერდება, არის უამრავი ზარი, ასევე შეტყობინებები ონკოპაციენტებისგან. ღმერთს ვეხვეწები, მომცეს ძალა, იმაზე მეტ ადამიანს დავეხმარო, ვიდრე ახლა ვახერხებ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ფარულ მესიჯებში ვნახულობ ხოლმე მოწერილებს, ზოგ შემთხვევაში – დაგვიანებულად და ძალიან ვწუხვარ. ძალიან მინდა, უფრო მეტი ენერგია მქონდეს, რომ ადამიანებს დავეხმარო. მომმართავენ კითხვებით და რჩევებისთვის. ჩვენ მხოლოდ სტანდარტული მედიცინით არ დაგვიმარცხებია ეს დაავადება. ნაპოვნი მაქვს არასტანდარტული მედიცინის რამდენიმე ვარიანტი, რომელსაც დღესაც ვუკეთებ ხათუნას პრევენციის სახით. მეკითხებიან ყველანაირ ჩემს გამოცდილებაზე და მეც, რა თქმა უნდა, ვპასუხობ…

ბევრი მაქვს ნაფიქრი იმაზე, რომ ეს დაავადება ჩვენს ოჯახში რაღაცის გამო მოვიდა. მე ვთვლი, რომ ეს არის ჩემი ჯვარი, რომელიც უნდა ვატარო. პირველ რიგში, თავად გავიარე ეს გზა, ვიცი, რა არის, რა ჯოჯოხეთია, ამიტომაც ყოველთვის ასე ვუყურებ, თუ შეგიძლია, ადამიანს რაიმეთი დაეხმარო, ეს თავიდან არ უნდა აირიდო…

ხასიათის სიძლიერე ვისგან არის?

ალბათ, ხათუნასგან, მაგრამ მამაჩემიც ასეთი იყო, მისი გაუკეთებელი არაფერი არსებობდა…

შენი უმცროსი და, ანასტასია როგორ არის ჩართული, შენთან ერთად, დედის დაავადებასთან ბრძოლაში?

ამ წლების განმავლობაში სულ ვცდილობდი, რომ მისთვის ეს ყველაფერი ამერიდებინა. საკმაოდ პატარა იყო, როცა ხათუნას ეს დაავადება დაუდგინდა, 13 წლის… მეცოდებოდა ამისთვის… გავიდა წლები და წელს, მაგალითად, პასუხებზე უკვე ანასტასია წაჰყვა. პასუხების დროს არავინ მეკონტაქტება და არც ვურჩევ, რომ დამეკონტაქტოს. სანამ პასუხს არ ეტყვიან, ჩემი მდგომარეობა ისეთია, ყველა ექიმმა იცის. წინასწარ მწერენ, სანამ ხათუნა გაიგებს. ექიმებს აქვთ ნანახი, რა მემართება, რა დღეში ვარ და ცდილობენ, ეს ემოციები ამარიდონ. ვისაც ეს ნანახი აქვს, ახსნით და მოყოლით ვერ მიხვდება. ახლა, როცა პასუხებზე წავიდნენ, ანასტასია ხაზზე მყავდა და როგორც კი ერთი სიტყვა უთხრეს, მომწერა. ჩემთვის მთავარია, რომ თვითონ იმ დაავადებას ეძინოს და რემისიაში ვიყოთ. პატარ-პატარა ცვლილებები ანალიზებში ჩემთვის მეასეხარისხოვანია.

როგორ ებრძვი იმ ემოციებს?

რომ შედის კვლევებზე, ვიწყებ ღვთისმშობლის ლოცვის კითხვას, რომელიც ონკოპაციენტებისთვისაა. კვლევებამდეც ვკითხულობ და როცა შესულია პასუხებზე, მაშინაც, ერთადერთი, რაც მშველის, ეს არის ლოცვა…

როგორ ფიქრობ, როცა ექიმები საბოლოოდ გეტყვიან, რომ დაავადება დამარცხებულია, როგორი შეგრძნება გექნება?

ჩემთვის ყოველი წელი, ყველა კვლევა არის ახალი სიცოცხლე და სიკვდილთან ბრძოლაში ჩემი გამარჯვება, შესაბამისად, როდის რას მეტყვიან, ამაზე წინასწარ არ ვფიქრობ. ყოველი კვლევა არის სიკვდილზე გამარჯვება და ყოველ დილას ამისთვის ღმერთს ვეუბნები მადლობას. როგორც კი ვიღვიძებ, დილის ლოცვას რომ წავიკითხავ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ხათუნა გადაარჩინა და მისი სიცოცხლე მაჩუქა. ექიმებსაც არ სჯერათ, მისი დიაგნოზის პაციენტები, ათიდან ცხრა, არის გარდაცვლილი. აქ მხოლოდ ღმერთის ხელი ურევია და მისი სასწაულია. მე და ჩემმა ოჯახმა ეს ნათლად ვნახეთ, ხდება სასწაულები, უბრალოდ, ამის უნდა გჯეროდეს და ყველასთან მოვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g