30 ივლისს, კინოთეატრ „კავეაში“ გაიმართა ზურა ხაჩიძის რიგით მეორე სოლონამუშევრისა და მასზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.
ზურას ეს სიმღერა სიურპრიზად ხათუნა ჟორდანიამ ჩაიფიქრა, თუმცა შემდეგ მის მზადებაში თავად მომღერალი ჩაერთო ზაზა ხუბუკელაშვილთან ერთად. საბოლოოდ კი, ის ხათუნას მიუძღვნა.
ვიდეორგოლის პრეზენტაციას ზურას ოჯახის წევრები და მეგობრები, კოლეგები და ჟურნალისტები დაესწრნენ.
სიმღერის სახელწოდებაა „მინდა სიყვარული“.
ზურამ პრემიერამდე ერთი დღით ადრე „არ დაიდარდოს“ ეთერში ამ კომპოზიციის ისტორიაზე ისაუბრა:
სიმღერის ისტორია ცოტა თავისებურად დაიწყო. ხათუნამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გაეკეთებინა სიურპრიზი და დაუკავშირდა ზაზა ხუბუკელაშვილს. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, ბევრი მეგობარი გარდამეცვალა, ცუდად ვგრძნობდი თავს. 25 დეკემბერს არის ჩემი დაბადების დღე და იფიქრა, რომ ამ დღისთვის მომასმენინებდა ჩემთვის შექმნილ სიმღერას. 25-ისთვის ვერ მოესწრო მთლიანად არანჟირების მომზადება, ამიტომაც მხოლოდ ჩონჩხი მომასმენინა.
შემდეგ მე ჩავერთე ზაზასთან ერთად, გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ ტექსტის ავტორთან, ირინა სანიკიძესთან ერთად. ეს სიმღერა, რა თქმა უნდა, მივუძღვენი ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანს. ბევრი სიმღერის ტექსტი ეძღვნება მას, მაგრამ კონკრეტულად მისი გამარჯვების, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ სულ მინდოდა, მისთვის სიმღერა მიმეძღვნა. სიურპრიზი ასე შემოვუტრიალე. სიმღერასა და არანჟირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზაზა ხუბუკელაშვილმა. იმედი მაქვს, რომ მსმენელი მოისმენს, შეიყვარებს, ცოტა საცეკვაოც არის, ცოტა სევდიანიც. სიმღერას დავარქვი „მინდა სიყვარული“. ეს ტექსტი არ მეორდება სიმღერაში, მაგრამ „მინდა სიყვარულზე გელაპარაკო“ არის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც შევამოკლე სათაურისთვის. ჩემსა და ხათუნას შორის სიყვარული ყოველთვის მინდა…
როცა დასრულდა სიმღერა, დავუკავშირდი ლევან გაბაძეს, როცა მოვუყევი, რაზეა ეს სიმღერა, ფრაგმენტულად გამახსენებინა, როგორი იყო ჩემი და ხათუნას ამბავი. ხათუნა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღებდა კლიპში მონაწილეობას, ამიტომაც მოგვიხდა პერსონაჟის მოძებნა, რომელიც მას განასახიერებდა. მთავარ როლში არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, 16 წლის იყო, დედიკომ რომ გამაცნო, ჩვენს კონცერტზე, ჩვენი მსმენელი იყო – ნინო კობახიძე. ახლა უკვე გაიზარდა… ძალიან კარგად შეასრულა ეს როლი.

