კვიპროსში ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს როგორც ცხოველების დაცვას, ისე მათი მფლობელების პასუხისმგებლობის გაზრდას.
ახალი წესების მიხედვით, თუ პატრონი გასეირნების დროს ძაღლის შემდეგ არ გაასუფთავებს, მას 100 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება. ასევე სავალდებულო ხდება, რომ ძაღლი ქუჩაში მხოლოდ საბელით ჰყავდეთ.
კანონი ითვალისწინებს ცხოველების იდენტიფიკაციის გამკაცრებასაც – ძაღლს მუდმივად უნდა ეკეთოს ყელსაბამი სპეციალური ნიშნით, სადაც მითითებული იქნება ლიცენზიის ნომერი და მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია.
თუ ცხოველი დაიკარგება ან მოიპარავენ, პატრონმა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს ორ სამუშაო დღეში უნდა აცნობოს. იგივე ვადა მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ ძაღლი იპოვეს – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა გარდაუვალია.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება მიუსაფარი ცხოველების დაცვას – ახალი კანონი კრძალავს მათ ევთანაზიას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ცხოველი ოფიციალურად მიჩნეულია ადამიანებისთვის ან სხვა ცხოველებისთვის საფრთხის შემცველად.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ცვლილებები ერთდროულად გააუმჯობესებს როგორც ცხოველთა კეთილდღეობას, ისე საზოგადოებრივ წესრიგს და პასუხისმგებლობის კულტურას.