ფონდის „ცხოვრება მშვენიერია“ ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს პატრონაჟით კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარება და მხარდაჭერა.
ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი იტალიელი მსახიობი ქალი – ორნელა მუტი, რომლის შემოქმედებამ იტალიურ კინოს წარუშლელი კვალი დაამჩნია: თავისი ხანგრძლივი კინემატოგრაფიული კარიერის განმავლობაში, ორნელა მუტიმ წარმატებით ითანამშრომლა ისეთ რეჟისორებთან, როგორიცაა დამიანო დამიანი, მარიო მონიჩელი, დინო რიზი, ეტორე სკოლა და სხვ. სულ ახლახან კი მსახიობი გამორჩეული კინოკარიერისთვის პრესტიჟული პრიზით, დონატელოს სპეციალური დავითით დაჯილდოვდა.
კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ საღამოზე, რომელზეც ქართველი მუსიკოსებისა და მომღერლების შესრულებით ცნობილი იტალიური და ქართული მუსიკა გაჟღერდა, იტალიელმა მსახიობმა ისაუბრა კინემატოგრაფიულ კარიერასა და პირად ცხოვრებაზე და უამრავ შეკითხვას უპასუხა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდასაჭერ პროექტებს.
საქველმოქმედო საღამოს წინ უძღოდა საზეიმო წვეულება იტალიის რეზიდენციაში, რომელზეც საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიური კინოს სახედ აღიარებულ მსახიობს უმასპინძლა.
