LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში დამსაქმებლები რეზიუმეს განხილვას 11 წამს უთმობენ – რას აქცევენ ისინი ყურადღებას

109
resume

დღევანდელ კონკურენტულ შრომის ბაზარზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამსაქმებლები თქვენს რეზიუმეს (CV) ზედაპირულად ეცნობიან.

ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე პლატფორმის „InterviewPal“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თითოეულ ვაკანტურ პოზიციაზე ასობით განაცხადის მიღების ფონზე, დამსაქმებლები ერთ რეზიუმეზე, საშუალოდ, 11.2 წამს ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი კომპანიების მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს, რეალობა ცხადყოფს, რომ კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადაყვანის გადაწყვეტილებას ზოგჯერ AI ინსტრუმენტები განსაზღვრავს – სპეციალური ალგორითმები წინასწარ ფილტრავენ განაცხადებს. შესაბამისად, მცირე შეცდომამ, შესაძლოა, კანდიდატს წინსვლის შანსი დააკარგვინოს.

Forbes-ი რამდენიმე დამსაქმებელსა და სამუშაო გარემოს ექსპერტს ესაუბრა იმის შესახებ, თუ რას აქცევენ ისინი ყურადღებას რეზიუმეს პირველადი, რამდენიმეწამიანი გადახედვისას და რამ შეიძლება გაზარდოს კანდიდატის შემდეგ ეტაპზე გადასვლის შანსი.

ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის სწრაფი დემონსტრირება

„კანდიდატებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ სამუშაოს აღწერილობაში პუნქტების თანმიმდევრობას თავისი ლოგიკა აქვს“, – აღნიშნავს როშაუნდა გრინი, კომპანიის „Pitney Bowes“ ტალანტების მოზიდვის გლობალური უფროსი პარტნიორი – „პირველ ხუთ პუნქტში ჩვენ ზუსტად იმ უნარებსა და ამოცანებს ვუთითებთ, რომელთა გამოვლენა-შესრულება სავალდებულო და აუცილებელია კონკრეტულ პოზიციაზე“.

სწორედ ამიტომ, მისი განმარტებით, კანდიდატებმა რეზიუმეს დასაწყისშივე მკაფიოდ უნდა წარმოაჩინონ, რამდენად შეესაბამება მათი გამოცდილება ვაკანსიის საკვანძო მოთხოვნებს. გრინი დასძენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანდიდატი სრულად არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მნიშვნელოვანია, მინიმუმ, 80%-იანი შესაბამისობის ჩვენება, რათა დამსაქმებელეს არ დასჭირდეს დამატებითი ძალისხმევა იმის გამოსარკვევად, თუ რატომ არის ესა თუ ის პირი შესაფერისი კანდიდატურა.

გაზომვადი შედეგების ხაზგასმა

პრია რათოდი, Indeed-ის სამუშაო გარემოს ტენდენციების ექსპერტი, აღნიშნავს, რომ რეზიუმეს სწრაფი გადახედვისას დამსაქმებლები, უპირველესად, კონკრეტულ მაჩვენებლებს ეძებენ – შედეგებს, რიცხვებს, რომლებიც ასახავს კანდიდატის გავლენასა და წვლილს წინა პოზიციებზე.

მაგალითად, მისი თქმით, გაყიდვების სფეროში დასაქმებულმა უნდა მიუთითოს: რამდენი წლის შემდეგ შეასრულეთ ან გადააჭარბეთ დასახულ გეგმას? რამდენი ახალი კლიენტი მოიზიდეთ? რა სახის რეალური გავლენა მოახდინეთ თქვენს ორგანიზაციაზე?

იმის გათვალისწინებით, რომ რეზიუმეს შესადგენად ბევრი ადამიანი დღეს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, ისეთი შაბლონური ფრაზების გამოყენებამ, როგორიცაა „პასუხისმგებელი ვიყავი…“, შესაძლოა, თქვენი განაცხადი კონკურენტებისგან განურჩეველი გახადოს.

პოზიციის შესაბამისი საკვანძო სიტყვების გამოყენება

დასაქმების მენეჯერთა, დაახლოებით, 71% აღნიშნავს, რომ კანდიდატების უფრო სწრაფად და მარტივად გასაფილტრად ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს. ეს ნიშნავს, რომ სანამ დამსაქმებელი თქვენს რეზიუმეს გაეცნობა, მას მანქანა ამუშავებს. სწორედ ამიტომ, პრია რათოდის თქმით, რეზიუმეს შედგენისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი გონივრული გზაა, დოკუმენტის საკვანძო სიტყვები ვაკანსიის აღწერილობას მაქსიმალურად ემთხვეოდეს, რათა განაცხადმა მომდევნო ეტაპზე გადასვლა შეძლოს.

პრია რათოდი სამუშაოს მაძიებლებს ურჩევს, საკვანძო სიტყვების შესაბამისობა სამოტივაციო წერილშიც (Cover Letter) დაიცვან. თუმცა ექსპერტი იმასაც გვაფრთხილებს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ საწყის ეტაპზე გამოვიყენოთ – საბოლოოდ, დასაქმების მსურველებმა თავად უნდა მოარგოს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის ენა, ტონი და შინაარსი საკუთარ უნიკალურ გამოცდილებას.

ორიგინალურობის ჩვენება და იმის დემონსტრირება, რომ  ადამიანი ხართ

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მრავალი უპირატესობა აქვს, რათოდი და გრინი თანხმდებიან, რომ სამუშაოს ძიების პროცესში მასზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სარგებელი. დასაქმების მენეჯერთა 67% აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა რეზიუმეებმა უარყოფითად იმოქმედა შერჩევის პროცესზე, რადგან გაიზარდა ისეთი კანდიდატების რაოდენობა, რომლებიც ამ ინსტრუმენტს იყენებენ საკუთარი გამოცდილების გასაზვიადებლად, რამაც, თავის მხრივ, ერთმანეთისგან თითქმის განურჩეველი განაცხადების მოზღვავება გამოიწვია.

„აშკარაა, რომ ადამიანები ხელოვნური ინტელექტით გენერირებული პირველადი მასალის პერსონალიზაციას არ ახდენენ“, – აღნიშნავს გრინი. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი, შაბლონური რეზიუმეს წარდგენით კანდიდატები, რეალურად, საკუთარ თავს აყენებენ ზიანს.

გენერირებული რეზიუმეს გაგზავნის ნაცვლად, გრინი და რათოდი სამუშაოს მაძიებლებს ურჩევენ, დოკუმენტები მაქსიმალურად მოარგონ საკუთარ გამოცდილებას, რათა დამსაქმებლებმა მყისიერად შეამჩნიონ მათი უნიკალური შესაძლებლობები.

„ხელოვნური ინტელექტი სასარგებლო ინსტრუმენტია, – ამბობს გრინი – მაგრამ აუცილებელია მისი პერსონალიზაცია. ასახეთ მასში გაზომვადი შედეგები, საკუთარი მიღწევები, შეცვალეთ ტონი და ლექსიკა, რადგან როცა ერთ ვაკანსიაზე 15 იდენტური რეზიუმე გვხვდება, კანდიდატი ძალიან სწრაფად კარგავს სანდოობას.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g