Westlife ჩამოყალიბებიდან 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ გრანდიოზულ ტურნეს სამი წევრის – შეინ ფილენის, ნიკი ბირნისა და კიან იგანის შემადგენლობით გამართავს.
ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის მეოთხე წევრი, მარკ ფიჰილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა ის ბენდის სრულფასოვან წევრად რჩება.
აღსანიშნავია, რომ ტურნეს სტარტი ორი სპეციალური კონცერტით გასული წლის ოქტომბერში, ლონდონის Royal Albert Hall-ში აღინიშნა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კოლექტივმა შოუები ჩინეთში, სინგაპურში, ტაივანსა და ინდონეზიაში ჩაატარა.
The 25th Anniversary World Tour-ის მასშტაბური კონცერტები 10 სექტემბრიდან მომავალი წლის 31 ივლისამდე ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ოკეანეთის მრავალრიცხოვან არენებზე შედგება.
ამასთან, ირლანდიურმა ჯგუფმა დაფუძნებიდან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საუკეთესო ჰიტების ალბომიც – 25: The Ultimate Collection გამოუშვა, რომელიც მოიცავს 21 საკულტო ჰიტსა და 4 ახალ სიმღერას.
Westlife შეინ ფილენის, მარკ ფიჰილის, კიან იგანის, ნიკი ბირნისა და ბრაიან მაკფედენის შემადგენლობით, 1998 წელს ჩამოყალიბდა. ბენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი – Westlife, 1999 წელს გამოუშვა. 2004 წელს კვინტეტს მაკფედენი გამოეყო, კვარტეტად ქცეული გაერთიანება 2012 წელს დაიშალა, თუმცა 2018 წელს კვლავ გაერთიანდა.