პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ძალიან კარგია, რომ კადრები გავრცელდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას მიეცა მყისიერად რეაგირების საშუალება“. ამის შესახებ მან გორში, სამართალდამცველების მხრიდან ორ მოქალაქეზე მომხდარი ძალადობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
„ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა და, რა თქმა უნდა, აქ იყო საჭირო მყისიერი სამართლებრივი რეაგირება. საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო, ჯანსაღი რეაქცია ამ მძიმე ფაქტზე.
რა თქმა უნდა, არცერთი სამართალდარღვევა, მითუმეტეს ასეთი ტიპის სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმუშაონ მაქსიმალურად დახვეწილი ხელწერით. ეს არის ის, რაც მოიტანა ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ და ეს არის ის ხელწერა, რომელსაც მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ.
დღევანდელი ზომა, რაც არის უკვე მიღებული, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ხელწერის მაქსიმალურად შენარჩუნებას. დახვეწილი ხელწერაა, როდესაც ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე.
მე მინდა შეგახსენოთ, როგორი იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ხელწერა იყო, მაგალითად, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანის შემთხვევაში. მაშინ დამნაშავეები არათუ არ დასაჯეს, პირიქით, სასათბურე პირობები შეუქმნეს. მე მოგიტანთ უამრავ ფაქტს, როდესაც ხდებოდა ასეთი დანაშაული და ამაზე არათუ არ რეაგირებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხელს აფარებდა ხოლმე დამნაშავეებს, მათ უქმნიდა ხოლმე სასათბურე პირობებს და გირგვლიანის საქმე არის მხოლოდ ერთი მაგალითი.
ჩვენი ხელწერა არის განსხვავებული. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ სამართალდამცავ უწყების წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
სწორედ იმისთვის, რომ ასეთ ძალადობას არ მიეცეს სისტემური ხასიათი, ამის გამო იყო საჭირო დღევანდელი რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა. სწორედ იმის გამო არის აუცილებელი ასეთი მყისიერი რეაგირება, რომ ძალადობამ სისტემური ხასიათი არ მიიღოს სამართალდამცავიო ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
