ევროკავშირში მატარებლით მგზავრობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გამარტივდეს – ევროკომისიამ ახალი ინიციატივა წარადგინა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების სარკინიგზო ქსელებს შორის ერთიანი ბილეთის სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
ახალი წესების მიხედვით, მგზავრს მთელი მარშრუტისთვის ერთი ბილეთის შეძენა შეეძლება, მაშინაც კი, თუ მოგზაურობისას რამდენიმე ქვეყანასა და სხვადასხვა სარკინიგზო ოპერატორს გამოიყენებს. ინიციატივის მთავარი მიზანი მგზავრთა უფლებების გაზრდაა.
თუ მგზავრი დაგვიანებული მატარებლის გამო გადაჯდომას ვერ მოასწრებს, ახალი სისტემის ფარგლებში მას დამატებითი ბილეთის ყიდვა აღარ მოუწევს – სარკინიგზო კომპანიები ვალდებული იქნებიან, საბოლოო დანიშნულებამდე სხვა რეისით გადაიყვანონ, მათ შორის მაშინაც, თუ შემდეგ მონაკვეთს უკვე სხვა ქვეყნის ოპერატორი ემსახურება.
ევროკომისიის წინადადება მოიცავს იმასაც, რომ ღამით გზაში დარჩენის შემთხვევაში მგზავრები საკვებითა და სასტუმროთი უზრუნველყონ. შედეგად, საერთაშორისო სარკინიგზო მოგზაურობა აღარ იქნება ცალკეული ბილეთებისა და სხვადასხვა კომპანიის წესების რთული კომბინაცია.

ცვლილებები ონლაინ-პლატფორმებსაც შეეხება – მათ მომხმარებლებისთვის ყველა შესაძლო მარშრუტისა და ტარიფის ჩვენება მოუწევთ, მათ შორის კონკურენტი კომპანიების უფრო იაფი შეთავაზებებისაც.
კიდევ ერთი სიახლეა ბილეთების გაყიდვის ვადები: სარკინიგზო კომპანიებს ონლაინ გაყიდვების დაწყება მგზავრობამდე მინიმუმ ხუთი თვით ადრე დაევალებათ, რათა ადამიანებმა ევროპაში მოგზაურობის უკეთ დაგეგმვა შეძლონ.
ინიციატივა ახლა ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა განიხილონ. თუ პროექტი დამტკიცდება, ახალი სისტემა შესაძლოა უკვე მომავალი წლიდან ამოქმედდეს.

ევროპაში მატარებლით მგზავრობა სულ უფრო ხშირად განიხილება, როგორც ავიაფრენების ეკოლოგიური ალტერნატივა მოკლე და საშუალო დისტანციებზე. თუმცა, ამ ეტაპზე კომფორტი მგზავრობისას ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
ევროპული კვლევების მიხედვით, ყველაზე პუნქტუალური მატარებლები ნიდერლანდებში, ბელგიასა და ბულგარეთში მოძრაობს, ხოლო ყველაზე მეტი პრობლემა დაგვიანებებსა და შეფერხებებთან დაკავშირებით რუმინეთში, საბერძნეთსა და სლოვენიაში ფიქსირდება. ხშირად აკრიტიკებენ Deutsche Bahn-საც – კომპანია რეგულარულად ხვდება ყურადღების ცენტრში დაგვიანებებისა და გაუქმებული რეისების გამო.
