უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და მას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებიც დაემატება, ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სიმბოლურ ან განსხვავებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი საბოლოო ჯამში, 60-მდე გაიზრდება.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ მედიკამენტებით სრულიად, უფასოდ უზრუნველყოფა მოვახდინოთ. შარშანდელიდან, სოციალურად დაუცველები მედიკამენტებს მაქსიმუმ 1 ლარად იღებენ. სექტემბრიდან ეს პროგრამა გაფართოვდა და მასში პენსიონერები და შშმ პირები არიან ჩართულნი. მათ საშუალება აქვთ მედიკამენტები საბაზრო ფასის მაქსიმუმ ნახევრად შეიძინონ. მედიკამენტების ჩამონათვალიც 23-დან 35-მდე გაიზრდება. დაემატება ყველაზე გავრცელებული დაავადებების – გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, რომელიც კომბინირებულია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების ჩამონათვალს დაემატება ისეთი გავრცელებული და მნიშვნელოვანი ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ეპილეფსია და პარკინსონის დაავადება. მოსახლეობისთვის ესეც ძალიან დიდი შეღავათი იქნება. ჩვენი მიზანია, რომ მედიკამენტების მინიმუმ 60 დასახელებებზე ავიდეთ,“ – განაცხადა სერგეენკომ.