„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, იგივე დისმეტროფსია, იშვიათი სინდრომია, რომლისთვისაც დამახასიათებელია დროებითი დეზორიენტაცია და მოიცავს გრძნობის ყველა ორგანოს. შეტევის დროს ადამიანს თავისი სხეული უფრო დიდი ან პატარა ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია. იცვლება საგნების ზომაც. იკარგება დროის შეგრძნება. დამახასიათებელი გამოვლენის გამო ელისის სინდრომს დისმეტროფსიასაც უწოდებენ. ეს ბერძნული წარმოშობის ტერმინია და აღნიშნავს მხედველობით ილუზიებს, მათ შორის – საგნების ზომასა და ფორმის ცვლილებასთან დაკავირებულ ჰალუცინაციებს. მეცნიერები ვარაუდობენ მისი წარმოშობის ორ თეორიას: ვასკულარულსა და ელექტრულს. ეს თეორიები გულისხმობს, რომ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას მოჰყვება პათოლოგიური, ზედმეტი ელექტრული ტალღების აღმოცენება, რომლებიც, თავის მხრივ, ვიზუალური აღქმისა და შეგრძნებების დარღვევას იწვევს. დისმეტროფსიის სიმპტომებია: სტრესი; ჰალუცინოგენურ მედიკამენტები; ეპილეფსია; ინსულტი; ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციები; თავის ტვინის სიმსივნე.
მაკროფსია და მიკროფსია თავისთავად არ არის საშიში და რამდენიმე წუთში გაივლის. საშიშია ჰალუცინაციით გამოწვეული პანიკა, რომლის დროსაც ადამიანმა შეიძლება რამე დაუშავოს საკუთარ თავს ან გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით – თუ შეტევის დაწყებისას საჭესთან ზის. ბავშვობაში განვითარებულმა ელისის სინდრომმა შესაძლოა კვალი დააჩნიოს ფსიქიკას და ხანგრძლივი ჰალუცინაციები შემდგომ საფუძვლად დაედოს ისეთ ფსიქიკურ აშლილობას, როგორიცაა შიზოფრენია. თუ გაღვიძებისას რეალობას ვერ დაუბრუნდით და გეჩვენებათ, რომ საკუთარ ოთახში ვეღარ ეტევით, აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ნევროლოგს – სპეციალისტს, რომელიც გამოიკვლევს თქვენს ნერვულ სისტემას, თავისა და ზურგის ტვინს. დაავადების გამოსაკვლევად იღებენ სისხლის საერთო ანალიზს, რომელიც გამოავლენს ეპშტეინ-ბარის ვირუსის არსებობას. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, რომელიც დეტალურად გამოიკვლევს თავის ტვინს, მასში არსებულ წარმონაქმნს თუ სისხლძარღვოვან პრობლემას; ელექტროენცეფალოგრამას.
ელისის სინდრომს იწვევს არა კონკრეტული დაავადება, არამედ სტრესი ან დატვირთვით გამოწვეული ძლიერი თავის ტკივილი. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმები გვირჩევენ, ვიკვებოთ ჯანსაღად და მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი. ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები ასეთია: მივიღოთ ბევრი ხილი, ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, ცოტა ხორცი. დღის განმავლობაში მივირთვათ 4-5-ჯერ, პატარ-პატარა ულუფებად. ვერიდოთ შიმშილს – მას შეუძლია, თავის ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. არ მივიღოთ ალკოჰოლი და ბევრი ტკბილეული.