ანჯელინა ჯოლის 53 წლის ძმამ, ჯეიმს ჰევენმა, განქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ საჯაროდ გააკეთა „ქამინგ-აუთი“. მსახიობმა ყოფილი მეუღლის, რეალითი-შოუს ვარსკვლავის, რომი იმბელის Substack-ის პირდაპირ ეთერში წაიკითხა პირადი წერილი, რომელშიც საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ისაუბრა.
„ბავშვობაში დისნეის პრინცესებზე ვიყავი შეყვარებული. ლოყებზე ბრჭყვიალებს ვისვამდი, წამწამებს ვიღებავდი და იმ მომენტებში რაღაც განსაკუთრებულსა და ჯადოსნურს ვგრძნობდი. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ მანიჭებდა ეს ყველაფრი ასეთ ბედნიერებას. არასოდეს ვცდილობდი სხვა ადამიანი ვყოფილიყავი, უბრალოდ საკუთარ თავს ვაძლევდი უფლებას, ისეთი ვყოფილიყავი, როგორიც სინამდვილეში ვიყავი“, – განაცხადა ჰეივენმა.
წერილის ბოლოს მსახიობმა იმედი გამოთქვა, რომ ოჯახის წევრები და ახლობლები მის აღიარებას სიყვარულითა და გაგებით შეხვდებიან.
„იმედი მაქვს, ჩემი ოჯახი და სხვებიც სიყვარულს აირჩევენ შიშის ნაცვლად, გაგებას, განსჯის ნაცვლად, ხოლო ურთიერთობას, იმ შეხედულებების ნაცვლად, რომლებიც შესაძლოა წლების განმავლობაში გვაშორებდა. მინდა, იარლიყების მიღმა დაინახონ იგივე გული, იგივე იუმორი და იგივე სული, რომელსაც ყოველთვის იცნობდნენ“.
პირდაპირი ეთერის დროს რომი იმბელიმ ყოფილ ქმარს სრული მხარდაჭერა გამოუთქვა და აღიარა, რომ მის სექსუალურ ორიენტაციაზე დიდი ხნის განმავლობაში ეჭვი ჰქონდა, თუმცა სიმართლის მიღება უჭირდა.
„ვხვდებოდი, მაგრამ არ მინდოდა ამის დაჯერება, რადგან ეს ნიშნავდა, რომ მას როგორც ქმარს დაგკარგავდი და ამის დაშვება არ შემეძლო“, – თქვა მან.
ჯეიმს ჰეივენი და რომი იმბელი, რომლებიც ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მეგობრობდნენ, 2024 წელს დაქორწინდნენ.
ცნობისთვის, ჯეიმს ჰეივენი ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმაა და მსახიობების, ჯონ ვოიტისა და მარშელინ ბერტრანის შვილია.
