LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წელია, ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ – ბუტა რობაქიძის დედამ სასამართლო დარბაზი დატოვა

metreveli

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული, ხმაური იყო.

სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი გაღიზიანება ბრალდებულ ზურაბ მიქაძის დასკვნითმა სიტყვამ გამოიწვია.

„დღეს გამოუცხადეს სასამართლოს და საზოგადოებას, რომ ვითომ მე მოვიტყუე, ბუტა 24 ნოემბერს მოკლეს და მემორიალი 23-ში გავხსენით. აქედან ჩანს, რას წარმოადგენენ, რა ტყუილს ბოდავენ და როგორი მართლები არიან. დამნაშავეების სინდისზე, ნამუსზე, ადამიანობაზე უკვე ლაპარაკიც აღარ შეიძლება. თუმცა, დღეს გადააჭარბეს ტყუილში და კიდევ ერთხელ სცადეს ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ 23 ნოემბერს გაიხსნა მემორიალი იმ ადგილას, სადაც ბუტას წაართვეს სიცოცხლე, რომელიც სააკაშვილის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდებს ეძღვნება. 23 რიცხვში იმიტომ გაიხსნა ეს მემორიალი, რომ 23-ში გავიდა, გიორგობას ჩემი შვილი სახლიდან გიორგობის აღსანიშნავად მეგობრებთან. არ მოუშვეს ჩემი შვილი სახლში ამ მხეცებმა, ვისი სასამართლოც მიმდინარეობს.

„უკვე აღარ შემიძლია, 6 წელია, ამათ შეურაცხყოფას და სიცრუეს ვუსმენ. გარდა იმისა, რომ ჩემი შვილის ბოლო წუთებს ვუსმენ, დღეს კიდევ ამხელა შეურაცხყოფა მოვისმინე. მართლა გაუსაძლისია. ბოლო სხდომაა და დაისვენებს საზოგადოებაც, რომელიც შევაწუხე ამ სასამართლოებით. დაისვენებს ჩემი შვილის სულიც და მეც ალბათ,“ – აცხადებს მეტრეველი.

მას მოსამართლისგან სამართლიანი განაჩენის მოლოდინი აქვს. შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი. ზაზა ბაქრაძე ერთადერთია ამ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილია და ამაში მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, დავით მგელიაშვილი განაჩენს 18 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g