რუსეთმა ვერ აუხსნა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, რატომ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ვფიქრობთ, ეს არ არის შემთხვევითობა, ეს არის საჰაერო სივრცის სერიოზული დარღვევა, თანაც, რუსეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში უკვე ორჯერ შეიჭრა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სამხედრო თვითმფრინავები თურქეთში შემთხვევით არ აღმოჩნდნენ,“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ორშაბათს თურქეთის საგარეო უწყებაში უკვე მეორედ დაიბარეს რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის, რატომ დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე რუსულმა ავიაციამ.
მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალურ პირებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა თურქეთის საჰაერო სივრცის პირველად დარღვევის შემდეგ შემთხვევას „უნებლიე შეცდომა“ უწოდეს.
