LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საკრებულოს სხდომა “ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

sakrebulo

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. სხდომას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ ესწრებოდნენ. ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრებმა კი, სხდომა ფრაქციის თავმჯდომარის გოკა გაბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დატოვეს.

სახდომის დაწყებამდე გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს, თუ რა მოხდა ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყანაში.

“მილიონამდე ადამიანმა ქვეყანაში ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა ხმა. მილიონამდე ადამიანმა გამოუცხადა უარი ამ ხელისუფლებას და ეს დასკვნები გამოტანილი არ არის. სრული შთაბეჭდილება მრჩება ამისი. ოპოზიციის ნაწილი სხდომაზე საკითხების განხილვას დღეს ვერ ესწრება და ამის პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომ შექმნა ასეთი კლიმატი ქვეყანაში,” – განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში საკრებულოში დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება მოხდება. გაბაშვილის განცხადებით, თბილისის მერიის მხრიდან ამჟამად წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი კი იგივე მიმართულებებს აგრძელებს და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები ბიუჯეტის პროექტში ასახული არ არის.

“ხელისუფლება ვერ ხედავს პრობლემებს. მას ჰგონია, რომ პრობლემა აქვს მცირე ოპოზიციურ ჯგუფთან. მცირე როგორ არის, როცა ქვეყანა გაყოფილია შუაზე. ქვეყნის ნახევარი არის თქვენი ოპონენტი. იმის ნაცვლად, რომ ხდებოდეს ნაბიჯების გადადგმა იქითკენ, რასაც ხალხი ითხოვს, ნაცვლად ამისა, წარმოდგენილია იგივე მიმართულების ბიუჯეტი,” – განაცხადა ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ავარიული სახლების რეაბილიტაციის, სოციალური სასადილოების, შშმ პირებისთვის გათვალისწინებული პროგრამების ბიუჯეტი დაკლებულია, სამაგიეროდ მომატებულია ჩინოვნიკების, ბიუროკრატიის და წარმომადგენლობითი ხარჯები.

“2-3 თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებიდან ხელისუფლებას დასკვნები არ გამოუტანია, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც წინ გველის, ალბათ, ბიუჯეტის განხილვა იქნება. მაშინ შემოგიერთდებით,” – განაცხადა გოკა გაბაშვილმა და სხდომა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g