შემოდგომის დადგომასთან ერთად ახალი პალტოს შეძენა არა უბრალოდ მოდური კაპრიზი, არამედ აუცილებელიცაა. უამრავ შემოთავაზებულ ვარიანტს შორის უკეთ ორიენტაციისთვის წინასწარ განსაზღვრეთ, რა გსურთ და გაითვალისწინეთ სეზონის ძირითადი ტრენდები.
ბეწვით გაწყობილი პალტო

Giambattista Valli, Marni, Fendi
წელს სეზონის ჰიტი ბეწვეულია. ადრეულ შემოდგომაზე, როცა ქურქის ჩაცმა აშკარად ნაადრევია, უკეთესია უპირატესობა ფერადი ბეწვით დეკორირებულ პალტოს მიანიჭოთ. იქნება ეს Marni-ის მოდელები ფუმფულა დაკერებული ჯიბეებით თუ კონტრასტული ფერის ჩადგმული ელემენტით პალტოს ქვედა ნაწილში – ორივე ვარიანტი წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის ყველაზე მოდური პალტოების რეიტინგის ლიდერია.
სამხედრო სტილის პალტო
ვარიაციები სამხედრო თემაზე წლიდან წლამდე სულ უფრო აქტუალური ხდება ცნობილი ბრენდების კოლექციებში. წელს დიზაინერები სამხედრო სტილისთვის ჩვეულ – ხაკისფერ მუხლამდე მოდელს გვთავაზობენ. აუცილებელი პირობა – სამხედრო ტანსაცმლისთვის დამახასიათებელი ორრიგად გაწყობილი ღილებია. სხვა სამხედრო-ატრიბუტები, მათ შორის სამხრეები, შევრონები, ფუნქციონალური ჯიბეები და ქამრი მხოლოდ თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
კუბოკრული პალტო

Tommy Hilfiger, Blugirl, Prada
“ტარტანებმა” ფერად უჯრედებში საპატიო ადგილი დაიკავეს Tommy Hilfiger-ის, Blugirl-ის და Prada-ს შემოდგომის კოლექციებში. თუმცა, მოდური უჯრედები პოდიუმზე ყველა ბრენდმა თავისებურად გადაათამაშა – Tommy Hilfiger-ის ტრაპეცია-პალტოს აქსესუარად განიერი ქამარი დაემატა ბალთით, Blugurl-იმ მოცულობითი სილუეტის პალტო წარმოადგინა, Prada-მ კი, ყველაზე ქალური ვერსია შექმნა და ღია ფერის მოკლესახელოებიან პალტოს მსხვილი პლასტიკური ბროში და კონტრასტული ფერის გრძელი ხელთათმანები შეუხამა.
მოცულობითი პალტო (პალტო-ჭუპრი)

Victoria Beckham, Balenciaga, Sacai
მოცულობით პალტოს, რომელსაც პოპულარობა კრისტობალ ბელენსიაგამ მოუტანა, ამ სეზონზეც წამყვანი ადგილი უჭირავს belensiaga-ს მოდის სახლის კოლექციაში. ბრენდის დღევანდელმა კრეატიულმა დირექტორმა ალექსანდრ ვენგმა საარქივო მასალაში ახალი დეტალები შეიტანა და რთული ფაქტურის აგურისფერი მოდელი შექმნა. ნაკლებად მკვეთრი ფერები გამოჩნდაVictoria Beckham-ის და Sacai-ის ჩვენებებზე. ბექჰემმა მუქი ნაცრისფერი აირჩია, იმავე ქსოვილის კლაჩთან ერთად, Sacai-ის დიზაინერმა ჩიტოსე აბემ კი – მოცულობითი პალტო-პერანგი წარმოადგინა კონტრასტული ფერის ჩადგმული სახელოებით.
პალტო ჭრელი ანიმალისტური პრინტით

Max Mara, Louis Vuitton, Miu Miu
ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარის თქმამ ბევრ დიზაინერს ექსპერიმენტების და ანიმალისტური ნახატის ფერების თავისუფალად შერჩევის საშუალება მისცა. წლევანდელ შემოდგომა-ზამთრის კოლექციებში ისევ დაბრუნდა ლეოპარდის პრინტის. თუმცა, წელს ლეოპარდმა ჩვეული ფერი დაკარგა და პოდიუმზე არადამახასიათებელ ფერებში გამოჩნდა – ფირუზისფერი Max Mara-ს ჩვენებაზე, ყვითელი Louis Vuitton-ის შემთხვევაში და ცისფერი Miu Miu-ს კოლექციაში.
გრძელი პალტო

Jil Sander, Dior, Dries Van Noten
გასული სეზონის მსგავსად გრძელი პალტო (კოჭამდე ან უფრო გრძელი) წელსაც აქტუალურია. შესაფერისი მოდელის არჩევისას მხოლოდ ერთი პრინციპი მოქმედებს – რადგან მოდელის მთავარ ელემეტად მისი სიგრძე ითვლება, ამიტომ პალტო აუცილებლად ერთი ფერის უნდა იყოს.

