საკალათბურთო ევროლიგის გათამაშება გაისად ახალი ფორმატით ჩატარდება. ხელმძღვანელობამ და სპორტული მარკეტინგის კომპანია IMG-მ წარმოადგინეს პროექტი, რომელიც 2016-17 წლების სეზონიდან ამოქმედდება.
ამერიკული კომპანია მზად არის გახდეს გადაკეთებული ტურნირის აქციონერი. მან შეიმუშავა 10-წლიანი თანამშრომლობის გეგმა.
ლაპარაკია მინიმუმ 630 მილიონ ევროზე, ხოლო წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში თანხა საგრძნობლად გაიზრდება.
ამ თანხის 60 პროცენტი კლუბებს შორის განაწილდება, დანარჩენი ტურნირის ორგანიზებასა და ჩატარებას მოხმარდება.
მიზანი არის ფინანსური მოგება, რომელსაც კლუბები ტურნირში მონაწილეობისთვის მიიღებენ, რადგან ძირითადად ევროპაში კალათბურთი წამგებიანი ბიზნესია.
ახალი ფორმატის ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, 11 იქნება A ლიცენზიის მფლობელი, ევროთასის ჩემპიონი, სამი ევროპული ქვეყნის ჩემპიონი, აგრეთვე საკვალიფიკაცია ტურნირის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ევროლიგაზე 24 გუნდი გამოდის.