ბათუმში, 31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონას მიერ სადეზინფექციო ხსნარის დალევის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.
“მიმდინარეობს საბავშვო ბაღის პერსონალის გამოკითხვის პროცესები,” – განაცხადეს შსს-ში “ფორტუნასთან”.
ფაქტზე მოკვლევას საბავშვო ბაღის დისციპლინური კომისიაც აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, #31-ე საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია.
შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი ამ დროისთვის თბილისში, იაშვილის კლინიკაში იმყოფება, სადაც დღეს გადმოიყვანეს.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ გოგონას ხსნარი არ გადაუყლაპავს.
”გრიპის ვირუსებთან დაკავშირებით, ბაღებში გაძლიერებულია სადეზინფექციო ღონისძიებები. შაბათ-კვირას დეზინფექცია ჩატარებული იყო, თუმცა ძიძამ დამატებით, დილით ადრე კიდევ სველი წესით დაასუფთავა. სადეზინფექციო სითხე წყალში გახსნილი, რითაც ამუშავებდა, დიდ კონტეინერში უნდა ჩაებრუნებინა, რომელიც იკეტება და დაცულ ადგილას ინახება. ამ დროს ბავშვი სამზარეულოში შემოვიდა და წყალი სთხოვა. ძიძა ამბობს, რომ ჭურჭელი ინსტიქტურად დადო და პატარასთვის წყლის დასასხმელად შებრუნდა. შემთხვევა სწორედ ამ დროს მოხდა. როცა მობრუნდა, ბავშვს უკვე პირთან ჰქონდა მიტანილი, დალეული არ აქვს. პირის ღრუს იქით აღარაა წასული, ღმერთს მადლობა. ისეთი მძაფრი სუნი აქვს და მწარეა, როგორ დალევდა,” – ამბობს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი.
ინფორმაციას ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ადასტურებენ, თუმცა მამუკა შამილიშვილი განმარტავს, რომ გოგონას ხსნარი არ გადაუყლაპავს.
ბათუმში, საბავშვო ბაღში 4 წლის ბავშვმა სადეზინფექციო ხსნარი დალია - გოგონა კლინიკაშია გადაყვანილი