LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტის სამსახური: პრემია დანამატებმა ჩაანაცვლა

110

საჯარო უწყებებში, პრემიების ნაცვლად, დიდი ოდენობით, დანამატები გაიცემა – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ლაშა თორდიამ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმ თანხებმა, რომლებიც შემცირდა პრემიების მუხლში, გადაინაცვლა დანამატების მუხლში. როგორც თორდიამ განმარტა, საქმე ეხება არა წოდებრივ დანამატს, რაც, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროში გაიცემა, არამედ საუბარია უბრალო დანამატზე, რომელიც გულისხმობს არასამუშაო საათებში, ასევე სადღესასწაულო დასვენების დღეებში დამატებით ანაზღაურებას.

გენერალური აუდიტორის განცხადებით, მთავრობის დადგენილებამ მხოლოდ პრემიების  საკითხი დაარეგულირა  და შეზღუდვა არ გავრცელებულა დანამატების გაცემის ნორმებზე.

ლაშა თორდიას  ინფორმაციით, დანამატების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა სამინისტროებში, კერძოდ, კულტურის სამინისტროში 1509%-ით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში – 412%-ით, ჯანდაცვის სამინისტროში – 270%-ით, იუსტიციის სამინისტროში – 206%-ით, ფინანსთა  სამინისტროში – 167%-ით.

ლაშა თორდიას თქმით, ხარვეზები დაფიქსირდა დანამატების გაცემის დასაბუთების ნაწილშიც, ვინაიდან, საჯარო უწყებების ხელმძღვანელები წლის დასაწყისში გასცემენ ბრძანებებს, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელემ ერთი წლის განმავლობაში უნდა აიღოს დანამატი. გენერალური აუდიტორის მტკიცებით, ეს ეწინააღმდეგება ფინანსთა მინისტრის შესაბამის ბრძანებას, ვინაიდან შეუძლებელია, წლის დასაწყისშივე იცოდეს ხელმძღვანელმა პირმა, რა დამატებითი დატვირთვით იმუშავებს დასაქმებული.

აუდიტის სამსახური მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ქმედითი მექნიზმი დანამატების ნაწილშიც შეიმუშაოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები