უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ჯგუფურად განხორციელების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. მათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების გამო საერთო ჯამში 1,5 მლნ ლარზე მეტი აიღეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების განზრახვითა და უკანონო მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდნენ კომერციულ საქმიანობას. კერძოდ, უცხოური ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით სისტემატურად ახდენდნენ ძვირადღირებული საათების შეძენას და შემდგომ, საქართველოში რეალიზაციას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 218-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით,“ – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.