გედევან ფოფხაძემ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვოს. განცხადება გედევან ფოფხაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.
დეპუტატის თქმით, მისი და საპარლამენტო უმრავლესობის დანარჩენი წევრების პოზიციები ერთმანეთს დღითიდღე შორდება.
ფოფხაძე ამბობს, რომ სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თავად რომ არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ.
“მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ ჩემს მეგობრებთან ერთად. მგონია, რომ ჩვენ ღირებულებებით ძალიან დავშორდით ერთმანეთს. ეს რეალობაა და ფაქტობრივად, ეს ასეც ფიქსირდება უმრავლესობის სხდომებზე მათი მხრიდან, ვისაც გვაქვს ასეთი პრინციპულად განსხვავებული პოზიცია და შეურიგებლები ვართ იმ ტენდეციების მიმართ, რომლებიც ფიქსირდება სასამართლოებთან მიმართებაში. ჯერ დანამდვილებით გადაწყვეტილებას ვერ გეტყვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემი განწყობა იხრება იმისკენ, რომ ხალხთან ბოლომდე ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაზეც გუნდურობის პრინციპის დარღვევის გამო ვერ ვსაუბრობ.
მგონია, რომ თუ ჩვენ მორალური არჩევანის წინაშე ვდგებით, ეს არჩევანი გასაკეთებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი იყოს სწორი. უნდა ჩამოვყალიბდეთ ბოლოს და ბოლოს ვინ სად რჩება, ვის რა ღირებულებები გვაქვს და მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები.
მე შეიძლება წასვლის ნაბიჯი არ გადავდგა, მაგრამ მაინც გამრიცხავენ. აქ საუბარია, ვინ ვის დაასწრებს,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დაპირისპირება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის პარლამენტში წარდგენის შემდეგ დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობამ ეს კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევად მიიჩნია და ფოფხაძემ უკან გაიწვია.