ჩინეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი იანვარში გაიმართება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მილიარდ 400 მილიონიანი ბაზარი შესაძლებლობებს მისცემს ქართველ მეწარმეებს ნულოვანი დაბეგვრით გაიტანონ თავიანთი პროდუქცია აღნიშნულ ბაზარზე.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ეს მოლაპარაკებები ერთ წელში დასრულდება. ”მივმართავ ქართველ მეწარმეებს, დაიწყონ მომზადება და ამ საკითხით დაინტერესდნენ. ჩვენ შევქმნით უნიკალურ ცენტრს საქართველოში, რომელიც იქნება ბუნებრივი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, ”- განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებები 2016 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება. „ეს უნიკალურ შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს, რათა გახსნას ის სივრცე, სადაც თავმოყრილი იქნება პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმებები.“- განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრი ფიქრობს, რომ ეს საშუალებას მისცემს საქართველოს, მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ”მნიშვნელოვანია ჩინური მხარის მონდომება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები. შევთანხმდით, რომ ეს რაუდნი გაიმართოს იანვარში,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.