კომპანიების ხელმძღვანელებს საშუალება ექნებათ, სამუშაო საათებში საკუთარი დასაქმებულების პირადი მიმოწერები აკონტროლონ, The Independent-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.
გადაწყვეტილება კონკრეტული საქმის განხილვის შემდეგ მიიღეს. რუმინელი ინჟინერი დამსაქმებელმა სამსახურიდან მას შემდეგ გაუშვა, რაც გაირკვა, რომ Yahoo Messenger-ს არა მხოლოდ საქმისთვის იყენებდა, არამედ ოჯახის წევრებთან სასაუბროდაც.
ბოგდან მიჰაი ბარბულესკუს თხოვეს, შეექმნა Yahoo-ზე საკუთარი ანგარიში, რათა კლიენტებისთვის საჭირო კითხვებზე გაეცა პასუხი.
2007 წელს იგი დაიბარა ხელმძღვანელმა და განუცხადა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე აკონტროლებდნენ მის მიმოწერას და გაარკვიეს, რომ მესინჯერს უმეტესად საკუთარი პირადი მიმოწერისთვის იყენებდა და არა კლიენტებთან სასაუბროდ. დამსაქმებლების განცხადებით, ბარბულესკუ არღვევდა კომპანიის შინაგანაწესს, რომელიც მესინჯერების პირადი მიზნებით სარგებლობას კრძალავდა.
სტრასბურგის სასამართლომ ორი დღის წინ საკუთარ დასკვნაში დამსაქმებელი გაამართლა და მიიჩნია, რომ ხელმძღვანელს აქვს უფლება, გააკონტროლოს, იყნებს თუ არა საჭიროების მიხედვით დასაქმებული მესინჯერებს.
ევროპული საინფორმაციო საშუალებების ნაწილი წერს, რომ სტრასბურგში სამშაბათს მიღებული გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებმაც უკვე მოახდინეს ადამიანის უფლებების საკითხებზე ევროპული კონვენციის რატიფიცირება.ა